წიაღისეულ საწვავზე გადაჭარბებულმა დამოკიდებულებამ ევროპული ქვეყნები გეოპოლიტიკური ქაოსის მძევლად აქცია, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
სანჩესმა მადრიდში, ყოველწლიურ ღონისძიებაზე, WindEurope-ზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის შესახებ ხედვა წარმოადგინა, რომლის მიხედვით, განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია მსოფლიოში ყველაზე იაფი იქნება.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ენერგეტიკული გარდამავალი პერიოდის მიმართულებით ძალისხმევას გააორმაგებს.
„ქვეყნებს თუ არ სურთ გათავისუფლდნენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან, ეს ნიშნავს, რომ ისინი გეოპოლიტიკური ქაოსის მძევლები ხდებიან“, – განაცხადა სანჩესმა.
მისივე თქმით, ნავთობის მიმდინარე კრიზისი ევროკავშირს უკვე დამატებით 22 მილიარდი ევრო დაუჯდა, მაშინ როდესაც წევრი სახელმწიფოები უგულებელყოფენ ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალს, რომლის წარმოებაც თავად შეუძლიათ.
„ომის პირველ თვეში იტალია ორჯერ მეტ გაზს მოიხმარდა, ვიდრე ესპანეთი. ჩვენ ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის ფასში სხვაობამ 100 ევროს გადააჭარბა“, – აღნიშნა სანჩესმა.
სანჩესის თქმით, ენერგეტიკული გარდაქმნა მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგი არ არის.
„მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ენერგეტიკული ტრანსფორმაცია ლოზუნგი არ არის. ეს მომავლის ბილეთია“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერმა.