„ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა მეტი მონიტორინგი“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ საინჟინრო აკადემიის წევრი და თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს.
როსტომაშვილმა ყურადღება გაამახვილა კომისიის შექმნის აუცილებლობაზე. მისი თქმით, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, დაადგენს, სად არის საჭირო რეაგირება და პრობლემებს აღმოფხვრის.
„თუ გახსოვთ, ზაფხულში მოხდა ასეთი შემთხვევა, ტურისტი იღებდა ფოტოს, მიწისქვეშა გადასასვლელში გადავარდა და დაიღუპა. თქვეს, ნასვამი იყო, ანუ ნასვამები დაიხოცონ? შემდეგ აამაღლეს გადასასვლელი, რადგან ბიუჯეტიდან ფული დაიხარჯა და აამაღლეს, ანუ დაბალი იყო ხომ? უნდა იყოს უწყვეტი პროცესი, უნდა შეიქმნას კომისია, უბნების და რაოდენობის მიხედვით უნდა შევისწავლოთ, რა მდგომარეობაა ინფრასტრუქტურულად და რა არის გასაკეთებელი. უნდა დაიგეგმოს პროცესები და ითქვას, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე რაღაც ცუდად არის გაკეთებული და უნდა გამოსწორდეს. ნუ ველოდებით, რომ რაღაც ცუდი მოხდეს“, - ამბობს როსტომაშვილი.
მანვე ისაუბრა თბილისში საცხოვრებელი კორპუსების პრობლემაზე, ავარიულ ბინებსა და უნებართვო მიშენებებზე. როსტომაშვილის თქმით, დღეს საცხოვრებელი სახლების 90% ექსპლუატაციაში მიღების მინიმალურ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს.
„დაიარეთ და ნახეთ თბილისში ყველა საბავშვო ბაღი და ნახეთ არის თუ არა სახანძრო სიგნალიზაცია - დარწმუნებული ვარ 90%-ში არ არის. ავიღოთ ავარიული სახლები, მიშენებები კორპუსზე და ა.შ. საცხოვრებელი სახლების 90% ექსპლუატაციაში მიღების ნორმას ვერ უძლებს. ეს იქნება სეისმატიკის კუთხით, მიშენებით თუ სხვა. გავიდეთ, პირველივე კორპუსს მივადგეთ და ვნახავთ, რომ ვიღაცას გამონგრეული აქვს მზიდი კონსტრუქცია, ვიღაცას სათავსო აქვს გაკეთებული, ვიღაცას ფანჯარა გამოჭრილი... ამ დროს ახალი აშენებული სახლი რომ ექსპლუატაციაში მიიღო, უამრავი ნორმა და მოთხოვნებია (ასეც უნდა იყოს), პატარა დეტალის გამო შესაძლოა, ექსპლუატაციაში ვერ შევიდეს“, - აღნიშნავს როსტომაშვილი.
მანვე დასძინა, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ გადასადგმელია საპასუხო ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, ეს იქნება თუ არა „პოპულარული“ გადაწყვეტილება.
„თბილისში ე.წ ჩეხურ სახლებში სახანძრო ტერასებია, რაც ღია უნდა იყოს, ამ დროს ამოშენებული აქვს მოსახლეობას საკუჭნაოებად და საჭიროების შემთხვევაში მაშველი რომ მივიდეს, ვერ მიუდგება ბინას. მაგალითად, რუსთავში მოხდა ასეთი შემთხვევა, ბოსტანი ჰქონდა მოწყობილი მოქალაქეს, წელიწადში სამი კილო კიტრი მოჰყავდა, დაიღუპა ადამიანი იმიტომ, რომ სახანძრო ვერ მიუდგა.
გადასადგმელია რიგი ნაბიჯები, მაგრამ არაპოპულარულია, როცა როცა ეუბნები მოქალაქეს, რომ ეს არ შეიძლება. თუმცა, დღეს როცა ამდენი მოსაწესრიგებელი სამუშაო გვაქვს, უნდა მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილება და იმოქმედო“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.