საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 19 მილიონ ევროს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთები წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ნაწილს და აკავშირებს საქართველოს საგზაო ქსელს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან.
უწყების განმარტებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საერთო ჯამში, 61.3 კმ სიგრძის, 4 ზოლიანი, ბეტონის საფარის ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება გარე განათების სისტემით. ასევე, გათვალისწინებულია 26 ხიდისა და 11 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.
პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
მაგისტრალური გზის მონაკვეთების პროექტირება მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ჰოლანდიურმა კომპანიამ განახორციელა.