თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ორ მონაკვეთზე სამუშაოების ღირებულება ჯამში 725 669 ლარით გაიზარდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურსა და კომპანია „სმარტ სოლუშენსს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები შევიდა.
მერანიდან ბესიკის ქუჩამდე სამუშაოების ღირებულება 577 800 ლარით გაიზარდა. თავდაპირველად ხელშეკრულების ღირებულება 5 778 105 ლარი იყო, ცვლილების შემდეგ კი 6 355 905 ლარს მიაღწია.
შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით, დამატებითი ხარჯის საჭიროება სამუშაოების დროს გამოვლენილმა გაუთვალისწინებელმა საინჟინრო-გეოლოგიურმა და ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა. შედეგად, საჭირო გახდა პროექტით გათვალისწინებული გადაწყვეტებისა და სამუშაოების მოცულობის კორექტირება.
ცვლილებები შეეხო მაგისტრალური სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობისა და სიმტკიცის გაუმჯობესებას, შიდა ქსელისა და მიერთების კვანძების გამძლეობის უზრუნველყოფას, მიწისქვეშა კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციასა და გზის საფუძვლის კონსტრუქციას.
კიდევ 147 869 ლარით გაიზარდა ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“ მონაკვეთის რეაბილიტაციის ღირებულება. თავდაპირველი 6 525 272 ლარის ნაცვლად, პროექტის ბიუჯეტი 6 673 141 ლარია.
ამ შემთხვევაშიც, ხელშეკრულების ცვლილების მიზეზად სამუშაოების პროცესში გამოვლენილი გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებები დასახელდა.
კორექტირებები ითვალისწინებს თავდაპირველად დაგეგმილი ღარ-ბორდიურის მონოლითური ბეტონის ბორდიურით ჩანაცვლებას. ასევე, პროექტს დაემატა სანიაღვრე სისტემისა და არსებული მიწისქვეშა თუ მიწისზედა ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სამუშაოები. მათ შორისაა დაზიანებული ასფალტობეტონის საფარის მოხსნა და გატანა, B-30 კლასის ბორდიურების მოწყობა, თუჯის ჩარჩო-ცხაურებისა და რკინა-ბეტონის ჭების დამონტაჟება.
თბილისის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სამუშაოები ოთხ თვეში, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 19.761 მლნ ლარს შეადგენს. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს.
ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული გამზირის ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 808 234 ლარია.