„მე არ ვარ მომხრე, თბილისის შემოგარენში მშენებლობების გასვლის; ყველა მოწინავე ქალაქი ებრძვის სუბურბანულ განვითარებას“, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე „ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს.
ინფორმაციისთვის, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დეველოპერული კომპანიები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ თბილისში მიწა დეფიციტური გახდა. ამას ემატება თბილისში მოსახლეობის გამჭიდროვებაც. ამ ფონზე კომპანიებმა განაშენიანება დედაქალაქის სიახლოვეს არსებულ ტერიტორიებზე დაიწყეს.
როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, მსგავსი ტიპის განაშენიანება არ არის მისაღები, იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობა უსისტემოდ და ქაოსურად ხდება.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ განაშენიანებას არ აქვს სინქრონული, სისტემური ხასიათი და დაფანტულად, ქაოსურად ხდება სხვადასხვა ადგილას ორი-სამი სახლის მშენებლობა. ამ ტერიტორიებზე საჭიროა გზების, კომუნიკაციების მიყვანა და შესაბამისი ობიექტებით უზრუნველყოფა. როცა უსისტემოა მშენებლობები, რესურსები მეტი იხარჯება მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და შემდეგ მათი ექსპლუატაციაც რთულია. როცა ვამბობთ, რომ არ ვართ მდინარი ქვეყანა, მსგავსი დაფანტული მშენებლობები არ არის მიზანშეწონილი. ამას ჰქვია არაკომპაქტური განვითარება, ამ დროს გენერალურ გეგმაში პირდაპირ გვქონდა მითითებული, რომ ქალაქი და დასახლებული პუნქტები უნდა განვითარდეს კომპაქტურად, მკვრივი ქსოვილების სახით და არა ასე დაფანტულად“, - აღნიშნავს მერაბ ბოლქვაძე.
როგორც მანვე დასძინა, ისევ და ისევ, მცირე მიწიანობის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ არ მოხდეს დედაქალაქის შემოგარენი ტერიტორიების უსისტემო ათვისება.
„პოლიტიკა უნდა იყოს ასეთი - თუ ორ ადამიანს ერთ ადგილას უნდა აშენება, კიდევ ორს - სხვაგან, მათ ქალაქმა უნდა უთხრას, რომ შეგაკავშირებთ ერთად, რაღაც ადგილზე მონაცვლეობას შემოგთავაზებთ, იქ შეგიძლიათ ააშენოთ და გთავაზობთ ადგილზე კომუნიკაციების ქსელების მოყვანაში დახმარებას. ეს უფრო სწორი მიდგომაა, ვიდრე ის, რომ მთელი თბილისის ირგვლივ მოვედოთ ტერიტორიებს და ცალ-ცალკე გავაშენიანოთ არეალები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები, მათ შორის, ტყეებისა და თავისუფალი ტერიტორიები დასაცავია, მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ და ამას უნდა გავუფრთხილდეთ. საკითხზე საჭიროა ერთიანი კონცეფციით მოქმედება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მერაბ ბოლქვაძემ.