"თბილისის სატელევიზიო ანძის რეკონსტრუქცია-მოდერნიზების პროექტი სავარაუდოდ წელს უნდა დაიწყოს", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ “კას გრუპ ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა, ეკატერინე თოდრიამ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ "კას გრუპ ჰოლდინგია" კომპანია, რომელმაც აღნიშნული პროექტი უნდა განახორციელოს. მას ტურისტული ინფრასტრუქტურა მართვაში 29-წლიანი ვადით გადაეცემა. "კას გრუპ ჰოლდინგი" საქართველოს ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა და მას შემდეგ კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 200 მილიონ ლარს აჭარბებს.

ეკატერინე თოდრიას ცნობით, დედაქალაქის სატელევიზიო ანძის პროექტის ვიზუალური მხარე უკვე დასრულებულია და სავარაუდოდ, 1 თვის ვადაში სამშენებლო ნებართვის მიღებას ელოდებიან. ის დასძენს, რომ პროექტი 2 წლის ვადაში უნდა დასრულდეს, რომელიც ვიზიტორთა ცენტრით, პანორამული გადმოსახედითა და მაღალი კლასის რესტორნით იქნება გამორჩეული, რაც თოდრიას შეფასებით, ჩამოსული ტურისტების დიდ ინტერესს დაიმსახურებს.

„პროექტზე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ და რამდენჯერმე მოგვიწია მის ვიზუალში ცვლილებების შეტანა. თუმცა ეს ბუნებრივია, რადგან თბილისის სატელევიზიო ანძა არის დედაქალაქის სიმბოლო და ჩვენც ბევრ სტრუქტურასთან და ადამიანთან გავდივართ კონსულტაციებს და ვამუშავებთ პროექტს. ამ ეტაპზე, ვიზუალური მხარე დასრულებულია. მერიასთან არსებული საბჭოს თანხმობით, ესკიზური ვარიანტი შეთანხმებული გვაქვს, რომელიც უკვე ტექნიკური-საინჟირნო, სახანძრო-უსაფრთხოების კუთხით მუშავდება.

ამ პროცედურების დასრულებას ველოდებით და მშენებლობის ნებართვა სავარაუდოდ, 1 თვის ვადაში უნდა მივიღოთ. როგორც კი მივიღებთ ნებართვას, ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს გამოცხადებული, რომ დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც 2 წლის განმავლობაში დავასრულოთ. ვფიქრობ, რომ არც ერთი ტურისტი ისე არ წავა ქვეყნიდან, რომ დედაქალაქის მთავარი სიმბოლო არ მოინახულოს“, - ამბობს თოდრია.

ამ ეტაპზე საინვესტიციო ღირებულება არ სახელდება, ვინაიდან პროექტი კვლავ მუშა პროცესშია.

bm.ge