სარემონტო სამუშაოების გამო, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება, - ინფორმაციას სომხური მედია კომპანია „გაზპრომ სომხეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია - სამხრეთ კავკასიაზე“ დაგეგმილი კომპლექსური პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო, აღნიშნული გაზსადენით სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით, 15-დან 25 სექტემბრამდე შეჩერდება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია „გაზპრომ სომხეთის“ პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ აღნიშნულ პერიოდში სომხეთის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება „უწყვეტად, შეზღუდვების გარეშე, შიდა რეზერვებითა და ირანიდან მიწოდებული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობებით“ მოხდება.