მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო პროექტის მომზადებაზე გამოცხადებული 5.5-მილიონიანი კონკურსი შეწყვიტა,- ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს.

კონკურსში გამარჯვებულად თავდაპირველად შპს „ნს სტუდიო“ დასახელდა, თუმცა გადაწყვეტილება მეორე მონაწილემ, შპს „დვ დეველოპმენტმა“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა.

საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ფონდს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალა.

ფონდმა კი კონკურსის შეწყვეტა გადაწყვიტა. მიზეზად საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ტექნიკური დავალების დამატებითი გადასინჯვისა და კორექტირების აუცილებლობა დასახელდა.

ფონდის განცხადებით, განახლებული საკონკურსო პირობებით ახალი კონკურსის გამოცხადება მიზანშეწონილია.