„დედაქალაქის უსაზღვროდ გადაჭიმვა არ მგონია სწორი - მხოლოდ თბილისი და შემოგარენი არ უნდა ვითარდებოდეს“ - განაცხადა უძრავი ქონების სფეროს ექსპერტმა შოთა გუჯაბიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ თბილისთან ერთად უნდა განვითარდეს მუნიციპალიტეტები და განაშენიანებას თანაბარი ხასიათი უნდა ჰქონდეს.
მისი თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეიმუშაონ უძრავი ქონების პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში განაშენიანებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს.
„დედაქალაქის უსაზღვროდ გადაჭიმვა არ მგონია სწორი - მხოლოდ თბილისი და შემოგარენი არ უნდა იყოს განვითარებადი. სხვადასხვა რაიონულ ცენტრებს უნდა დაექვემდებაროს თბილისის გარეთ მდებარე მიწები და მუნიციპალიტეტები უნდა ვითარდებოდეს. ხელისუფლებამ, მერიის სამსახურებმა, საკრებულოებმა და ა.შ უნდა განსაზღვროს როგორი პოლიტიკა გვაქვს უძრავი ქონების მიმართ, რათა ყველგან თანაბრად მოხდეს განვითარება, თანაბრად იყოს კარგი უბნები, ბიზნეს ცენტრები, კერძო დასახლებები, საცხოვრებელი უბნები და თანაბრად უნდა გადანაწილდეს არამხოლოდ თბილისში, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტებში“, - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.
მისი თქმით, თბილისში კონცენტრირებული უძრავი ქონება თანაბრად რომ გადანაწილდეს ქვეყნის მასშტაბით, უძრავი ქონების ფასი გახდება დაბალანსებული და სტაბილურად მზარდი, ურბანული სიტუაცია მოწესრიგდება და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.