რკინიგზაზე კერძო სამგზავრო ოპერატორების შემოყვანა - დარგის კრიზისიდან გამოყვანის წინაპირობაა, - ამის შესახებ "საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი" (TCRC) აცხადებს. 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სადღეისოდ რკინიგზის სამგზავრო გადაყვანის ნაწილში, “საქართველოს რკინიგზა” უკონკურენტო კომპანიაა, რომელიც სახელმწიფოსგან სამგზავრო გადაყვანის ზარალის კომპენსირებისთვის, ყოველწლიურად სუბსიდირების სახით მილიონობით ლარს იღებს.

"ბუნებრივია, უკონკურენტო იქნება კიდევ მრავალი წელი, თუ სახელმწიფოს სტრატეგია სამგზავრო გადაყვანების ბიზნესში კონკურენციის დანერგვა არ იქნება. თავის მხრივ კონკურენციის გაჩენა, მხოლოდ ახალი კომპანიების შემოყვანითაა შესაძლებელი.მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ნაწილში ისტორიულად მხოლოდ ერთი სარკინიგზო ოპერატორი არსებობს და კერძო ოპერატორის სამგზავროს ნაწილში შემოყვანისთვის, მათი სურვილის შემთხვევაშიც კი, არც ქვეყანა და არც ოპერატორები მზად არ არიან, რბილად რომ ვთქვათ დამაჯერებელ არგუმენტს არ წარმოადგენს.ზუსტად ამით არის განპირობებული, რომ საქართველოს რკინიგზა ვალდებულია პირდაპირი დანიშვნის წესით ასებულ ოპერატორთან - “საქართველოს რკინიგზასთან” გააფორმოს მინიმუმ 10 წლიანი ხელშეკრულება და მხოლოდ ამის შემდგომ, როდესაც ბაზარი მოემზადება, მხოლოდ სამგზავროს ნაწილში შესაძლოა კერძო ოპერატორების შემოყვანაზე ფიქრი. რაც ბიზნესურად მცდარ მოსაზრებას წარმოადგენს.ისმის ლოგიკური კითხვა, ამ თუნდაც 10 წლიანი პერიოდის ამოწურვის შემდგომ, სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების ბაზარი სრულად ხომ არ დაკარგავს მგზავრნაკადს და ბიზნესს მიმზიდველობას? მსოფლიო გამოცდილებით, სახელმწიფო სუბსიდირებას მხოლოდ მაშინ გააჩნია დადებითი ეფექტი, თუ სატვირთო და სამგზავრო გადაყვანები გაიმიჯნება, რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დაიშვება, სამგზავრო გადაყვანების კერძო კომპანიებისთვის კი რკინიგზა ფიქსირებულ ფასებს დაადგენს. როდესაც რკინიგზის ერთიან სისტემაში, წარმოქმნილ ზარალს ფარავს მეორე სფეროში წარმოქმნილი მოგება ანუ სამგზავრო წამგებიანია ხოლო სატვირთო მომგებიანი, ამასთამ ინფრასტრიქტურა რჩება ერთიან სისტემაში, ფაქტიურად წარმოადგენს ერთიანი კომპანიის საერთო ბიუჯეტს და როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, სუბსიდირების - გაუმიჯნავ არაკონკურენტულ ვითარებაში, ეს ნიშანავს, რომ ფაქტობრივად ბიზნესი ჩამოშლილი და სახელმწიფოსგან ფულის მიღების გარეშე სამგზავრო გადაყვანებს დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ შეუძლია," - განმარტავს TCRC.

ორგანიზაციის მიხედვით, აბსოლუტურად დაუშვებელია ასეთი მიდგომა. მათი მტკიცებით, სუბსიდირების მიდგომა მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუ პარალელურად განხორციელდებოდა კერძო კომპანიების დაშვება.