„საქართველოს რკინიგზამ“ ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ისტორიული სადგურებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 4.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 813 156 ლარს შეადგენს, ხოლო წინადადებების მიღება 27 ივნისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება.

ტენდერი Design-Build მოდელით ტარდება და ერთ ხელშეკრულებაში აერთიანებს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე ამ პროექტების საფუძველზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. შესყიდვის საგანი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე სარკინიგზო ობიექტების აღდგენაა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ექვს ისტორიულ ობიექტს მოიცავს. მათ შორისაა ბაკურიანის, დაბის, ცემის, ლიბანისა და წაღვერის სადგურები, ასევე ბორჯომი-ბაკურიანის რკინიგზის ადმინისტრაციული შენობა და სამგზავრო ბაქნები.

პროექტის მიზნად დასახელებულია ავარიული და დაზიანებული ელემენტების კონსერვაცია, სადგურების ავთენტური იერსახის შენარჩუნება და აღდგენა, სამგზავრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ტურისტული მიმზიდველობის ზრდა. დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები უნდა განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტანდარტების დაცვით და ისტორიული ელემენტების მაქსიმალური შენარჩუნებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს სადგურების სახურავების, ფასადების, ფანჯრებისა და კარებების აღდგენას, ინტერიერის რეაბილიტაციას, სამგზავრო ბაქნების მოწესრიგებას, ასევე საინჟინრო სისტემების – ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობისა და უსაფრთხოების სისტემების განახლებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობაც.

ტენდერის პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მოამზადოს სრული საპროექტო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა. პროექტის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის 120 კალენდარული დღე იქნება განსაზღვრული.

პრეტენდენტებს მოეთხოვებათ როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო გამოცდილება. კერძოდ, კომპანიას 2022 წლიდან უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 200 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო მომსახურება და მინიმუმ 3 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო, სარეკონსტრუქციო ან სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, პროექტში ჩართული უნდა იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის გამოცდილების მქონე არქიტექტორ-რესტავრატორი და ინჟინერ-კონსტრუქტორი.

ბორჯომ-ბაკურიანის 37-კილომეტრიანი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა 1897-1902 წლებში აშენდა და 2017 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური ძეგლის სტატუსი აქვს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაციისთვის შერჩეული სადგურების უმეტესობა 2020 წლიდან აღარ ფუნქციონირებს და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აქვს, მათ შორის დაზიანებული სახურავები, ჩამსხვრეული მინები და დაზიანებული ინტერიერები.

მაისში კი გამოცხადდა 2.7 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი სარკინიგზო ხაზზე არსებული ვიწროლიანდაგიანი ლოკომოტივის შკოდას 11-04 ტიპის ელმავლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

მთავრობამ საქართველოს რკინიგზას ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის რეაბილიტაცია აპრილში დაავალა.

წყარო: bm.ge