როგორ აისახება საქართველოზე ბოლო დროს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები? სულ უფრო ბევრს უჩნდება კითხვა: არის თუ არა საფრთხე, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებით ზანგეზურის დერეფანი ამოქმედდება და დაკარგავს თუ არა ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო ფუნქციას? - კითხვას აკადემიკოსი, ლადო პაპავა ასე პასუხობს.
"დავიწყოთ იმით, რომ ეს უფრო გაზვიადებული ამბავია, ვიდრე რეალური შეთანხმება. ჯერჯერობით ხელმოწერილია დეკლარაცია, დეკლარაცია კი არ არის შეთანხმება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება მხოლოდ პარაფირებულია. ეს უფრო სამივე ხელმომწერის პიარი იყო. შეთანხმებას რომ ხელი მოეწეროს, სომხეთს მოუწევს კონსტიტუციის შეცვლა და ეს ადვილი არ არის, რადგან სომხეთს კონსტიტუციურად გამაგრებული აქვს სომეხი ერის არჩევანი, რომელიც უნდა განისაზღვროს არა მარტო სომხეთში, არამედ ყარაბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხითაც. ეს თუ არ შეიცვალა, მაშინ პარაფირებულ ტექსტს ვერც ხელს მოაწერენ და ვერც პარლამენტის მიერ იქნება რატიფიცირებული. რამდენიმე პუბლიკაცია ვნახე არა მხოლოდ სომხურ, არამედ დასავლურ სერიოზულ გამოცემებში, სადაც ანალიტიკოსები და მათ შორის, სომხებიც წერენ, რომ თუ ეს შეთანხმება ძალაში შევა, "დააცემენტებს" იმ უარყოფით შედეგებს, რაც არსებობს ამ ბოლო პერიოდში სომეხი ერისთვის. ასე რომ, სომხეთის პრობლემა ამ ხელშეკრულების მიღებასთან დაკავშირებით ასე მარტივი არ არის. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ ფაშინიანს მოსაგები აქვს 2026 წლის არჩევნები და ამიტომ წავა თუ არა სომეხი ერი იმაზე, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, ჯერჯერობით ღიაა. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემებია ინვესტიციებთან დაკავშირებითაც. ერთი მხრივ, მივესალმები ამერიკელების რეგიონში შემოსვლას და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება რეგიონისთვის, მაგრამ საბოლოოდ შემოვლენ კი? აქ იკვეთება ირანის პრობლემებიც. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხადია, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აშშ უფრო მეტად იყოს ჩართული კავკასიაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იქ, სადაც აშშ აქტიურად იყო ჩართული, მერე, სამწუხაროდ, მიატოვა ის ხალხი და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ამიტომ ეს პროექტი რამდენად საინტერესო და მიმზიდველიც გნებავთ იყოს, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. მე მივესალმები, რომ როგორც კი ეს ხელმოწერა შედგა ვაშინგტონში და კარგად გაპიარდა, საქართველოს ოფიციალური პირები - პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტიც მიესალმნენ, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ჩვენც გვჭირდება და ეს რომ გამოხატეს, ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად რეალიზებული იქნება ეს პროექტი, ჯერ უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ დოკუმენტებში ნახსენები არ არის ის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის და რომელიც "შუა დერეფნის" სახელით არის ცნობილი. "შუა დერეფნის" პროექტი ჩინურია და არა ამერიკული, თანაც ისიც საკითხავია, რამდენად დაუშვებს აშშ ჩინეთს ზანგეზურის დერეფნის გამოყენებაში... ძალიან ბევრ პუბლიკაციაში ისეთი ეშმაკობაა ჩადებული, თითქოს ზანგეზურის დერეფანი "შუა დერეფნის" ნაწილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და, თუ ჩინეთი არ აღიარებს ზანგეზურის დერეფანს "შუა დერეფნის" ნაწილად, რაც გინდა, ის ილაპარაკონ. კიდევ ერთი ეშმაკობა ამ პუბლიკაციებში ის არის, რომ ზანგეზურის დერეფანი, რომელიც რეალურად აღქმულია როგორც საავტომობილო და სარკინიგზო დერეფანი, ზოგიერთ პუბლიკაციაში განხილულია როგორც ნავთობსადენებისა და გაზსადენების დერეფანიც. ამის კი აღარ მჯერა, რადგან ამხელა ინვესტიციებს ვინ ჩადებს, როდესაც ის მილსადენები, რომლებიც საქართველოზე გადის, ბოლომდე ათვისებულიც კი არ არის... ახლა მიდის ლაპარაკი, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაც მეტად დაიტვირთოს და ეს როგორც ბაქოს, ასევე ანკარის ინტერესებშია. ასე რომ, საკითხი მარტივი არ არის და ამიტომ ძალიან ბევრი ფალსიფიკაციაც გვესმის ამ თემაზე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიტყოდი - თუ ზანგეზურის დერეფანი გაკეთდება, მივესალმები და მიმაჩნია, რომ საქართველოზე გამავალი დერეფანი და ზანგეზურის დერეფანი უნდა განვიხილოთ არა როგორც ალტერნატიული, არამედ როგორც ურთიერთშემავსებელი დერეფნები."