ბათუმის შემდეგ ე.წ. უნებართვო ობიექტების ნგრევა ქობულეთში დაიწყეს. დღეს, 24 მარტს, ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დაანგრიეს ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტი.

ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ 30-მდე „უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო და სხვა კომერციული დანიშნულების“ ობიექტის მფლობელი გააფრთხილეს.

„30-ზე მეტ ობიექტის მფლობელს მიეცა შესაბამისი გაფრთხილება, რათა გონივრულ ვადაში გაეთავისუფლებინათ დაკავებული ტერიტორიები. ყველა ობიექტს გასული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები. ობიექტების მფლობელების ძირითადმა ნაწილმა გაფრთხილების საფუძველზე თავად გაათავისუფლა დაკავებული ტერიტორია,“ – მოგვწერეს ქობულეთის მერიის პრესცენტრიდან.

სავაჭრო ობიექტი ქობულეთში, რომელიც დღეს, 24 მარტს დაანგრიეს

დღეს დაშლილი სავაჭრო ობიექტის გვერდით ქობულეთის ცენტრში, მაგალითად, სწრაფი კვების ობიექტია, რომელსაც ტროტუარიც აქვს ნახევრად ათვისებული. ამ ობიექტში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, აქვთ თუ არა შესაბამისი ნებართვა.

რას უპირებს ქობულეთის მერია ამ კაფეს ან იმ უკანონო ობიექტებს, რომლებიც ქობულეთის სანაპიროზეა მოწყობილი? – ქობულეთის მერიის პრესცენტრში სწრაფი კვების ობიექტთან დაკავშირებული კონკრეტული შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს. მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ უკვე აღკვეთეს „გარე ვაჭრობის ფაქტები ბაზრისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე“.

ვრცლად: netgazeti.ge