უკრაინის დელეგაციამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„აშშ-ში გამართული შეხვედრების შედეგები დეტალურად განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჩვენი მომლაპარაკებლების ანგარიშს ვისმენდით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ „შაჰედის“ ტიპის დრონების ახალი ტალღა გაუშვა. გუნდმა ანგარიში წარადგინა იმის შესახებ, თუ რა განიხილეს ფლორიდაში - მთავარი საკითხები, შესაძლებლობები და გამოწვევები. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაა ისე, რომ ომის დასრულებამდე უფრო ახლოს მივიდეთ. უსაფრთხოება მშვიდობის გასაღებია“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, „ირანის წინააღმდეგ ომის შედეგად გეოპოლიტიკური სიტუაცია უფრო გართულდა და რუსეთი კიდევ უფრო გათამამდა“.

„თუმცა, ფუნდამენტური გარემოებები არ შეცვლილა. რუსეთი ამ ომს და ევროპის დესტაბილიზაციას აგრძელებს, დაზვერვის მონაცემებით ირანის რეჟიმს მხარს უჭერს და ამით რეგიონში ომს ახანგრძლივებს. ამასთან, მომავალ წლებში ახალი კონფლიქტებისთვის ემზადება“, - წერს ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პრობლემების რეალურად მოსაგვარებლად ლიდერების დონეზე შეხვედრაა აუცილებელი.

„გუნდს დავავალე, რომ პარტნიორებთან მუშაობა აქტიურად გააგრძელონ, რათა დიპლომატია უზრუნველყოფილი იყოს, ისეთი ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად, როგორიც ტყვეების გაცვლაა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები 21-22 მარტს ფლორიდაში გაიმართა.

წყარო: ipn.ge