ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ მედიაში განხილული NCR (შეუსაბამობის შესახებ ანგარიში) მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში გამოყენებული სამუშაო დოკუმენტია, რომლითაც ზედამხედველი აფიქსირებს კონკრეტულ შეუსაბამობას და განსაზღვრავს მასზე რეაგირების აუცილებლობას.
მინისტრის ინფორმაციით, კონკრეტულად ამ სამშენებლო პროექტზე ზედამხედველის მიერ სულ 94 NCR-ია გამოცემული. მათგან 50 უკვე დახურულია შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, დანარჩენებზე კი მუშაობა მიმდინარეობს.
„ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი მოიპოვა ჟურნალისტმა, თუმცა საუბარი არ არის რაიმე გასაიდუმლოებულ ანგარიშზე. კონკრეტულად ამ მშენებლობაზე 94 ასეთი დოკუმენტია გამოცემული და ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია ყველა მათგანის შესახებ მივაწოდოთ. 94-დან 50 უკვე გამოსწორებულია, დანარჩენებზე კი მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი - ზედამხედველი აფიქსირებს ხარვეზს, კონტრაქტორს ევალება მისი გამოსწორება და შემდგომ მოწმდება შესრულებული სამუშაო“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ტენდერით არჩევს სამშენებლო კონტრაქტორს, ხოლო მეორე მხრივ, ასევე ტენდერით - დამოუკიდებელ ზედამხედველს, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს ინტერესების დაცვა და სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი. სწორედ ამ მექანიზმის ფარგლებში გამოვლინდა კონკრეტული ხიდის მონაკვეთზე ბეტონირების პროცესში არსებული შეუსაბამობებიც.
„ამ შემთხვევაშიც სისტემამ იმუშავა - სახელმწიფოს წარმომადგენელმა ზედამხედველმა კონკრეტულ მონაკვეთზე არსებული შეუსაბამობები გამოავლინა და დააფიქსირა. დღეს მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ისინი, მათ შორის, ზედამხედველის უშუალო ჩართულობით. პრობლემა იქნებოდა მაშინ, ზედამხედველი ამ ხარვეზებს რომ არ აფიქსირებდეს ან მათზე რეაგირება არ ხდებოდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად მკაცრად გააკონტროლოს, რომ გამოვლენილი თითოეული შეუსაბამობა სათანადოდ გამოსწორდეს და სამუშაოები პროექტისა და შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნების დაცვით შესრულდეს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო მხოლოდ მიმდინარე საზედამხედველო კონტროლით არ შემოიფარგლება და ინფრასტრუქტურული ობიექტების საბოლოო მიღება-ჩაბარებამდე დამატებითი დეტალური შემოწმებაც განხორციელდება.
„ჩვენ მხოლოდ საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კონტროლით არ ვიფარგლებით. ნებისმიერი ობიექტი, საბოლოო მიღება-ჩაბარებამდე, დამატებით დეტალურ გამოკვლევას გაივლის, რათა ყველანაირად დავრწმუნდეთ მის ხარისხსა და უსაფრთხოებაში. ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მიმდინარე კონტროლს, ისე გამოვლენილ ხარვეზებზე დროულ და სათანადო რეაგირებას.
„არავინ არის იმაზე მეტად დაინტერესებული, რომ ქვეყანაში ხარისხიანი ინფრასტრუქტურა შენდებოდეს, ვიდრე საქართველოს მთავრობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, კონტროლის ყველა მექანიზმი ეფექტიანად მუშაობდეს, ნებისმიერი შეუსაბამობა დროულად გამოვლინდეს და სრულად გამოსწორდეს“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს