საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მეწყრული უბნის აღდგენა და გზის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დამცავი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების პარალელურად, მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოწყობილია დროებითი შემოვლითი გზა, რომელზეც დაიგო ასფალტის საფარი. აღნიშნული მარშრუტი ადგილობრივ მოსახლეობას და რეგიონის სტუმრებს სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში შეუფერხებელი გადაადგილების საშუალებას აძლევს.
„მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება ონის გზის მონაკვეთზე, სადაც იყო ქვათაცვენის პრობლემა, საჭირო იყო გზის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ძალიან მოკლე ვადებში უზრუნველყო ალტერნატიული გზის მშენებლობა, რომლითაც უკვე სარგებლობენ ონელები, რაჭველები და რაჭის სტუმრები. ასევე, პარალელურ რეჟიმში გრძელდება ძირითადი საგზაო მონაკვეთის გამაგრება. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება იმისათვის, რომ მომავალში იყოს თავიდან არიდებული ქვათაცვენა და მსგავსი ტიპის პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების დასრულებისთანავე, ქალაქ ონის შესასვლელთან საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთი სრულად აღდგება.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს