2026 წლის ივლისში რუსეთში ნავთობის გადამუშავების საშუალო წარმადობამ დღე-ღამეში 3.6 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც 2002 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ კომპანია EA Analytics იუწყებოდა, რომ ივლისის დასაწყისში რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საშუალო წარმადობა დღე-ღამეში 3.91 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც 2005 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. თუმცა, თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა.
Bloomberg-ის შეფასებით, ივლისში რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურა უკრაინის მხრიდან სულ მცირე 30 დარტყმის სამიზნე გახდა. ამასთან, თუ ამ სტატისტიკას დაემატება კიდევ რვა თავდასხმა ტანკერებზე კასპიის მილსადენის კონსორციუმის შავი ზღვის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებზეც უკრაინას პასუხისმგებლობა არ აუღია, ივლისი რუსეთთან დაკავშირებულ ნავთობის ობიექტებზე თავდასხმების რაოდენობით რეკორდული თვე იყო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ივლისში განხორციელებულმა დარტყმებმა კიდევ უფრო გააღრმავა საწვავის კრიზისი, რომელიც მაისში ანექსირებულ ყირიმში დაიწყო და შემდგომ რუსეთის სხვა რეგიონებშიც გავრცელდა.
ივნისსა და ივლისში რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტები დაწესდა. საწვავის შეზღუდვების შესახებ 3 აგვისტოს მონღოლეთმაც განაცხადა, რომელიც ნავთობპროდუქტების დაახლოებით 95%-ს რუსეთიდან იმპორტირებს.