brokeri.ge-ის მმართველი პარტნიორის ილია ინაშვილის თქმით, თბილისსა და მის შემოგარენში სამოსახლო მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა და ფასი წლიდან წლამდე იზრდება. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა წლიური ზრდა ლოკაციების მიხედვით 15%-დან 30%-მდე მერყეობს.

„თუ კომერციულზე ვსაუბრობთ, 2009 წლიდან დღემდე ჩავარდნა ამ ტიპის ნაკვეთებს მხოლოდ ჰქონდათ 2009 წელს. აქ მოიაზრება სასაწყობო და სამრეწველო მიწის ნაკვეთები, ეს არის სავაჭრო ცენტრებისა თუ ბინათმშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთები. სულ ზრდაა და სერიოზული დეფიციტია. შემოდის უამრავი მოთხოვნა და ფიზიკურად გვიჭირს პოვნა. რადგან მოთხოვნა დიდია, ზრდადია ფასიც.

საცხოვრებელს რაც შეეხება მარტიდან სერიოზული გამოცოცხლებაა, ზოგადად გაზაფხულიდან იწყება ხოლმე ხალხის აქტივობა და ეს აისახება ტრანზაქციებშიც. მოთხოვნაშია თბილისის შემოგარენი, დაახლოებით 30-40კმ-ის რადიუსში არსებული ნაკვეთები.

ფასების დინამიკა სხვადასხვაა ადგილის მიხედვით. დაბალ ფასიან სეგმენტზე დაახლოებით 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა ბოლო თვეებში. აქტიურია გაყიდვებში წავკისი, ტაბახმელა, ზღვის მიმდებარე ადგილები, ასევე ლისის ტბა, საგურამო და ბოლო 5 წლის ჩემპიონი გაყიდვებში ჩვენს მაგალითზე არის კაკლების და ნუშების დასახლება, რომელიც მდებარეობს ბაგებსა და წყნეთს შორის, ეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია მით უფრო რაც გზა გაკეთდა.

ჯერ კიდევ გვაქვს მიწის ნაკვეთებზე იმდენად დაბალი ფასი, რომ ამ ფასის ზრდა შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში გარდაუვალია. ვფიქრობ, რომ 2026 წელს გვექნება ყველაზე დიდი ბუმი მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვების ბაზარზე.

სტანდარტულად ფასში გვაქვს ხოლმე 15-დან 30%-მდე და მგონია, რომ ეს მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება მომდევნო 2 წლის განმავლობაში“ - განაცხადა ინაშვილმა.

მიწის ფასების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობს „შინვუდის“ მმართველი პარტნიორი. ნიკა ქევხიშვილის თქმით, 2025 წლის პირველ კვარტალში მათ ნაკვეთებზე ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ღირებულება დამატებით 15%-ით გაიზრდება.

„ჩვენი პროექტი 2022 წლიდან დაიწყო და თუ შევადარებთ 2025 წლის პირველ სამ თვეს 2024-ის და 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს გაყიდული მიწების რაოდენობის მხრივ ვითარება ერთნაირია, თუმცა თანხაში მნიშვნელოვანი ზრდაა. შარშან ზრდა იყო 48%, წელს 30%-ია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს ცხადია ფასის ზრდით არს გამოწვეული. მიწებზე მოთხოვნა სტაბილური, ფასები კი მზარდია.

ჩვენთვის იანვარი უკეთესი თვე იყო ვიდრე თებერვალი და მარტიდან უფრო გამოცოცხლდა ბაზარი. აპრილშიც უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. მოთხოვნაა მცირე ზომის ნაკვეთებზე 500-600კვ-ზე და ასეთ ფართებზე ფასი 15-20%-თაც მაღალია.

საშუალო ღირებულებაა 70$, თუმცა 62$-დან 95$-მდეა გამოტანილი მიწების ფასები.

მეოთხე სექტორში გვაქვს 47 მიწა, რომელსაც მალე გამოვიტანთ გასაყიდად და ვაპირებთ ფასის გაზრდას საშუალოდ 15%-ით, არსებულში ასევე გაიზრდება, რადგან ინფრასტრუქტურის მოწყობა თითქმის ბოლოსკენ არის,“ - განაცხადა ქევხიშვილმა.

bm.ge