სამხრეთ ევროპაში კვლავ ძლიერი სიცხეა. ბოლო დღეები იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში კვლავ ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლებია. სპეციალისტები სიცხეს გლობალურ დათბობასა და კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ. მაღალი ტემპერატურით ევროპას არც საქართველო ჩამორჩება. გვესაუბრება გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე:

- ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდით, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებების გამო 2025 წელი არ იქნებოდა მარტივი.

- ეს გლობალურმა დათბობამ მოიტანა. ახლაც მძვინვარებს ხანძრები თურქეთში. ევროპაშიც ძალიან მაღალი ტემპერატურაა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოში ქვემოთ დაიწევს ტემპერატურა, მაგრამ შესაძლოა სექტემბერში ისევ აიწიოს. ტემპერატურა არამდგრადია და დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმებიც (იყო კიდეც) და ძალიან დიდი ნალექი ერთ დღეში, როგორც დამახასიათებელია კლიმატის ცვლილებისთვის, ამიტომ გააქტიურდა გეოლოგიური პროცესები.

- რა იწვევს ანომალიურ სიცხეებს და როდემდე შეიძლება გასტანოს მაღალმა ტემპერატურამ?

- მთელ დედამიწაზე, ძალიან ბევრ ადგილას, უკვე ექსტრემალური ტემპერატურებია. ცხადია, ეს გლობალური დათბობის მომენტია, უბრალოდ, ყველა რეგიონში ერთნაირად არ ვითარდება. მაგალითად ზოგიერთ ქვეყანაში 53 გრადუსიც დაფიქსირდა. ჩვენთან ამდენით არა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 45 გრადუსამდეც კი ავიდა. არავინ იცის, სიცხეები როდემდე გაგრძელდება, წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია, ატმოსფეროში პროცესები ძალიან აქტიურად მიდის და გრძელვადიან პროგნოზებს ვერ იძლევიან.

- როგორც აღნიშნეთ, რეკორდულმა სიცხეებმა მოიცვა ევროპის ქვეყნები, რამაც გააჩინა ტყის ხანძრები, იღუპებიან ადამიანები... აუტანელ სიცხეს "ჩუმ მკვლელს" უწოდებენ და მას ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ეწირება. როგორც ამბობენ, ევროპაში ყველაზე მაღალი სიცხე 2022 წელს იყო. ჩვენთან როდის მიაღწია ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს?

- როგორც ვიცი, ზოგ ქვეყანაში მაჩვენებელმა გადაუსწრო კიდეც 2022 წლის მაჩვენებელს. მართლაც გაუსაძლისი და მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ევროპაში, თუმცა ტალღამ გადაიარა და ახლა შედარებით დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. თურქეთში დაფიქსირდა 53 გრადუსი, რაც მანამდე არ ყოფილა. ჩვენთან 43-44-45 იყო - სხვადასხვა ტერიტორიაზე ასე ლავირებდა. აღმოსავლეთ საქართველოში ნაკლებად, თუმცა ტემპერატურა 40 გრადუსამდე ავიდა. ალბათ, სექტემბერიც ცხელი იქნება.- ზოგიერთ ქვეყანაში მაღალი სიცხეებისთვისაც ისევე ემზადებიან, როგორც სტიქიისთვის.

რა პრევენციული ღონისძიებების გატარება შეიძლება?

- პირველი გაფრთხილებაა, რაც ჩვენთანაც დაიწყეს - უნდა მიიღონ ბევრი სითხე, დიდხანს არ იყვნენ მზეზე... ამასთან, ტენიანობაა მომატებული და ეს იწვევს უფრო მაღალი ტემპერატურის აღქმას.

„მაღალსართულიანი კორპუსების გამო ქალაქს განიავება უჭირს“

- ტემპერატურის დაწევის ერთ-ერთი წყარო გამწვანებაა, რასაც ჩვენ არ მივხედეთ, მწვანე ნარგავები, ტყეები გავჩეხეთ... რა მნიშვნელობა აქვს მწვანე ნარგავებს ქალაქისთვის?

- ტყე ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ჩვენთან ტემპერატურა არ ადის 50 გრადუსამდე, მაგრამ ძალიან დიდია მდინარეებში წყლის აორთქლება და ესაა განსხვავება.

ექსტრემალური ტემპერატურები 100 წლის განმავლობაში ხდებოდა საქართველოში, ყოფილა 40 გრადუსიც და 43-იც, მაგრამ ხანგრძლივობა არ იყო დიდი, მაქსიმუმ, ერთი დღე. ახლა მაღალი ტემპერატურა კვირა, კვირა-ნახევარიც გრძელდება. ამასთან, ქალაქებისთვის დამახასიათებელი აღმოჩნდა სითბური ტალღები, იმიტომ, რომ მაღალსართულიანი შენობებია, ქალაქები კარგად ვერ ნიავდება. მწვანე ნარგავებსა და ტყეში ტემპერატურა უფრო დაბალია, სადღაც 5 გრადუსით მაინც, და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაღალ მთაშიც დაბალია, მაგრამ თუ მოშიშვლებულია, თაკარა მზე ადამიანს მაინც ურტყამს. ამიტომაა ძალზე მნიშვნელოვანი წყალიც და ტყეებიც, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. მაგალითად, დღეს მოსახლეობისთვის უფრო საშველი აღმოჩნდა მწვანე ნარგავები, პარკები, სკვერები.

ინტენსიური მშენებლობების გამო დედაქალაქის განიავების პროცენტი დაკლებულია, ადრე თბილისის მდინარეებიც ღია იყო და ქალაქი ნიავდებოდა - –ჰაერის მასები ზემოდან ჩამოდიოდა და მტკვრიდან ისევ ზევით ადიოდა, ჰაერი მოძრაობდა. დღეს მაღალსართულიანი კორპუსების გამო ქალაქს განიავება უჭირს, რაც ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას და უჰაერობას განაპირობებს. აბსოლუტურად ყველა უბანს უჭირს, სადაც მრავლადაა მაღალსართულიანი შენობები, ამის გამო ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკები მატულობს. თუმცა გარეუბნებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

რისი პრევენციაც შეგვიძლია, ისევ და ისევ ცეცხლის - მოსახლეობამ არ დატოვოს ანთებული კოცონები, რათა არ გაღვივდეს და არ მოედოს ტყეებს. არის კიდევ ერთი პრობლემა - თუ ტყეში ნაგავია, ესეც ზედაპირს ტემპერატურას უწევს და შეიძლება დაიწყოს აალება. დედოფლისწყაროში, სადაც ხელოვნურად წვავენ მდელოებს, როცა მოსავალი აღებულია, მაღალი სიცხეების დროს ვითარება უმართავი ხდება ხოლმე. ეს აკრძალულია საქართველოში, მაგრამ ამ ტრადიციას, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მისდევენ.

- ასეთი მაღალი ტემპერატურის და სიცხეების შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა სექტემბერში მეწყრული პროცესების გააქტიურებას?

აგვისტოს ბოლოსა და სექტემბერში ველოდებით მეწყრული პროცესების გააქტიურებას, რადგან დღის და ღამის ტემპერატურების სხვაობა დიდია. ამ დროს ვითარდება ზედაპირული ეროზიები. ჩვენ ეროზირებული მიწები გვაქვს და ამან შეიძლება გამოიწვიოს მეწყრული პროცესების გააქტიურება. რა თქმა უნდა, მუშაობენ სპეციალისტები და მოსახლეობაც მობილიზებული უნდა იყოს. ბევრი მუნიციპალიტეტი ინფორმირებულია. ყველგან აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო მონიტორინგი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მითითებით, რისკის ზონებში მუშაობენ სპეციალისტები, აკვირდებიან მათ. დასანანია, რომ სპეციალისტების ნაკლებობაა საქართველოში.

Bpn.ge