იმერეთის რეგიონში, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სოფელ გოგნისა და მუხურას შორის მდებარე ქედზე, 224-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. კომპანიას უკვე წარდგენილი ამ სადგურის გზშ დოკუმენტაცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან შესაბამისი ნებართვის მიღებას ელის.
პროექტის ინიციატორი შპს „გოგნის ქარის კომპანიაა“, რომელმაც ინიციატივა საქართველოს მთავრობას 2022 წელს წარუდგინა და 2022 წლის ოქტომბერში მთავრობის დადგენილებით (#1889) პროექტის კონცეფცია დამტკიცდა.
დაგეგმილი სადგური მოიცავს არაუმეტეს 28 ქარის ტურბინას, თითოეულის სიმძლავრე მაქსიმუმ 8 მეგავატი იქნება. წლიური გამომუშავება 602–668 მილიონ კილოვატ საათს შორის ვარირებს.
პროექტის ფარგლებში აშენდება 220 კვ ქვესადგური, რომელიც მიწისქვეშა კაბელებით დაუკავშირდება ყველა ტურბინას და შემდგომში 17–22 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზით „ზესტაფონი 500“ ქვესადგურს შეუერთდება.