შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების განხორციელება რისკის ქვეშ დგას. ასეთი პოზიცია აქვს „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელს. საკითხზე მურმან მარგველაშვილი „ბიზნესპრესნიუსს“ ესაუბრა. „არის ამის რეალური საფრთხე...“- აცხადებს ის.
გამოცემასთან საუბარში მურმან მარგველაშვილი აღნიშნავს, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტს ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება, რაც ამჟამად არ არსებობს. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელება რისკის ქვეშაა.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების მსგავსი პროექტები, სახმელეთო სატრანსპორტო პროექტებთან შედარებით უფრო მოწყვლადია. ამ პროექტის განხორციელებას სჭირდება ბევრად დიდი მასშტაბის ერთდროული საინვესტიციო გადაწყვეტა, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, შესყიდვისა და გაყიდვის ხელშეკრულებები. ბევრი აუცილებელი პირობა აქვს ამას და საჭიროა ჩართულ მხარეებს შორის თანამშრომლობითი გარემო, რადგან დღეს ეს არ გვაქვს, შექმნილ ვითარებაში, პირველ რიგში, ყველაზე მეტი რისკის შემცველია ენერგეტიკული პროექტები და სწორედ ენერგეტიკულ პროექტებს ექმნება საფრთხე“, - აღნიშნავს მურმან მარგველაშვილი.
ენერგეტიკოსის თქმით, მიმდინარე წელს ევროკავშირმა შავი ზღვის წყალქვეშა პროექტის საერთო ინტერესის ნუსხაში შეყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მარგველაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტს, საბოლოოდ, რა ბედი ეწევა პროექტს.
„ევროკავშირმა წელს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთვება თუ არა ამ პროექტში და ჩართავს თუ არა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტს საერთო ინტერესის ნუსხაში. ეს გადაწყვეტილება იქნება სიგნალი და მაჩვენებელი იმისა, თუ რა ბედი ეწევა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტს, ისევე როგორც ევროკავშირთან შემდგომ თანამშრომლობას ენერგეტიკული კუთხით“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მურმან მარგველაშვილი.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა“-ს ხელშეწყობით უნდა განხორციელდეს.პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ. სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.
2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა.