საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოების ეფექტური უზრუნველყოფა კვალიფიცირებული ინჟინერების, სერტიფიცირებული კომპანიებისა და რეგულაციების მკაცრი შესრულების კომბინაციაზეა დამოკიდებული - ამის შესახებ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე მიძღვნილი გადაცემის ფარგლებში ისაუბრეს.

როგორც საინჟინრო სისტემების კომპანია „ჯეტექსში“ აცხადებენ, საჭიროა მინიმალური სტანდარტების აღსრულება და მუდმივი მოვლა-პატრონობა, რაშიც ფული მცხოვრებლებმა უნდა გადაიხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი ფიქრობს, რომ სისტემები გამართულად გრძელ ვადაში ვერ იფუნქციონირებს.

„დღეს მთავარი გამოწვევა დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიებში კვალიფიციური ინჟინერების ნაკლებობაა. ხშირ შემთხვევაში, პროექტი შეიძლება იდეალურად იყოს დათვლილი და მასალათა ჩამონათვალი მომზადებული, თუმცა პრაქტიკაში ბევრი ცვლილება ხორციელდება, რაც ხარისხის კლებას იწვევს. მცირე კომპანიის გაჩენა ბაზარზე მარტივია, ხშირად ისინი ფასით „დაწყვეტენ“ კონკურენციას, რაც არაჯანსაღ პრაქტიკას ქმნის.

სტანდარტი სტანდარტია, სხვადასხვა შენობას განსხვავებული მოთხოვნები აქვს. გამოსავალი, ჩემი აზრით, არის სერტიფიცირება: კომპანიის დარეგისტრირებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული გამოცდილება და კვალიფიკაციის მინიმალური მოთხოვნები. პროექტის მენეჯერი უნდა იყოს საკმარისად კომპეტენტური, რომ ყურადღება მიაქციოს სისტემების სწორად შესრულებას. დეველოპერები ვალდებულნი არიან აიყვანონ შესაბამისი ადამიანები, რათა სამუშაო ხარისხიანად შესრულდეს.

რაც შეეხება საცხოვრებელ კორპუსებს, კომერციულ შენობებთან შედარებით, ძველი საცხოვრებელი კორპუსები საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დიდ პრობლემას წარმოადგენს. ახალი პროექტები უკვე შესაბამისი მინიმალური მოთხოვნებით ემორჩილებიან სტანდარტებს: სახანძრო სიგნალიზაცია, ცეცხლსაქრობი და სხვა უსაფრთხოების სისტემები დაყენებულია. ძველი შენობების შემთხვევაში სრულფასოვანი სისტემებით აღჭურვა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება აუცილებელია.

შემდგომ მოვლაზე, ჩვენი გამოცდილებით, ჩვენ მუდმივად ვეკონტაქტებით მოსახლეობას და მცირე თანხებს ვთავაზობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემები გამართულად მუშაობდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოსახლეობას ეს პრობლემა დიდად არ აინტერესებს და ფინანსურ რესურსსაც არ ახორციელებს.“ - განაცხადა კომპანია „ჯეტექსის“ ხელმძღვანელმა რეზო მესხმა.

წყარო: bm.ge