ამერიკული იურიდიული კომპანია Kamkhadze PA-ის დამფუძნებლის ანა ქამხაძის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პირობების ცვლილება მნიშვნელოვან გამკაცრებას ნიშნავს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში კიდევ ერთი ტენდენციაც შეინიშნება და ეს შემცირებულ სავიზო ვადებს უკავშირდება. როგორც იურისტი განმარტავს, საქართველოსთვის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა დასავლურ სივრცესთან მაქსიმალურ დაახლოებას, ეს ტენდენცია საკმაოდ შემაშფოთებელია.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა Visa Bond Pilot Program, და 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველო დაემატა ამ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს. ამ პროგრამის ფარგლებში, B-1/B-2 ტურისტული ვიზის ზოგიერთი აპლიკანტი შეიძლება ვალდებული გახდეს გადაიხადოს დაბრუნებადი დეპოზიტი (bond) $5,000, $10,000 ან $15,000 ოდენობით ვიზის გაცემამდე. თანხის ოდენობას განსაზღვრავს საკონსულო ოფიცერი ვიზის ინტერვიუს დროს.
დეპოზიტის მიზანია უზრუნველყოს ვიზის პირობების დაცვა და აშშ-დან დროული გასვლა. თუ ვიზის მფლობელი დაიცავს ყველა წესს და დროულად დატოვებს ქვეყანას, თანხა სრულად უბრუნდება.
აღსანიშნავია რომ პრაქტიკაში ბოლო პერიოდში კიდევ ერთი ტენდენციაც შეინიშნება.
ბოლო დროს უფრო ხშირად ხდება, რომ B-1/B-2 ვიზით ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში უშვებენ მხოლოდ 1 თვით, მაშინ როდესაც ტრადიციულად დაშვებული ვადა 6 თვე იყო. ასეთი მოკლე ვადით დაშვება ხშირად მიზნად ისახავს თავიდან იქნეს აცილებული შემთხვევები, როდესაც ვიზიტორები აშშ-ში ყოფნისას ცდილობენ საემიგრაციო პეტიციების ან სტატუსის შეცვლის განაცხადების შეტანას.
თუ ვიზის დეპოზიტის მოთხოვნას და აშშ-ში შემოსვლის შემცირებულ ვადებს დავუმატებთ საემიგრაციო ვიზების გაცემის არსებული შეჩერებას (immigrant visa pause) - ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში მოგზაურობისა და იმიგრაციის პირობები მნიშვნელოვნად გამკაცრდა.
ქვეყნისთვის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა დასავლურ სივრცესთან მაქსიმალურ დაახლოებას, ეს ტენდენცია საკმაოდ შემაშფოთებელია და შესაძლოა მიუთითებდეს საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებაზე გარკვეულ შეზღუდვებს", - აცხადებს ანა ქამხაძე.