"მე ყველგან ვაკეთებ ბიზნესს. ბიზნესს 20 ქვეყანაში ვაწარმოებ. რა თქმა უნდა, ბიზნესს ირანშიც დავიწყებ" - ასე პასუხობს დუბაიში ბაზირებული უძრავი ქონების დეველოპერი Emaar Properties-ის დამფუძნებელი, მოჰამედ ალაბარი CNBC-ის კითხვას, დაიწყებს თუ არა ბიზნესმენი ირანში ბიზნესის ოპერირებას.

CNBC-სთან ინტერვიუში მოჰამედ ალაბარმა ირანის ბაზარზე შესვლის ვადებზეც ისაუბრა.

"ვფიქრობ, როცა სიტუაცია დასტაბილურდება და როცა ნათელი გახდება, თუ რა ხდება ქვეყანაში. თუმცა ეს არის უზარმაზარი პოტენციალის მქონე ქვეყანა, შესანიშნავი ხალხით, ისტორიით, ბუნებრივი რესურსებით, ტურიზმით... მსოფლიოს საოცარი ნაწილია. გარდა ამისა, ისინი ჩვენი მეზობლები არიან და რუკას ვერასდროს შეცვლი. ეს არასდროს შეიცვლება", - განაცხადა Emaar-ის დამფუძნებელმა.

ალაბარმა ირანში მიმდინარე საომარი მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, არსებული გამოწვევების გადაჭრის შემთხვევაში, რეგიონში სტაბილური კეთილდღეობა გაჩნდება.

"თუ შევძლებთ ირანში არსებული გამოწვევის გადაჭრას, ვფიქრობ, ეს ყველასთვის კარგი იქნება. ვფიქრობ, იქნება სტაბილურობა ლიბანში, სირიაში, ერაყში, მთლიანად რეგიონში და ასევე ირანშიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი აყვავებული ნაწილი. და მჯერა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები იქნება ნომერ პირველი გამარჯვებული. მისი პოლიტიკის, სტაბილურობის, ინკლუზიურობისა და იმ 205 ეროვნების გამო, რომლებიც ცხოვრობენ, ვითარდებიან და ასე თავდაუზოგავად შრომობენ ამ საოცარ ქვეყანაში", - ამბობს მოჰამედ ალაბარი.

Emaar Properties დუბაიში დაფუძნებული წამყვანი საჯარო სააქციო საზოგადოება, რომელიც 1997 წელს მოჰამედ ალაბარმა დააარსა. კომპანია ცნობილია ისეთი საკულტო პროექტების განვითარებით, როგორებიცაა Burj Khalifa და Dubai Mall. როგორც გლობალური დეველოპერი, ის სხვადასხვა შვილობილი კომპანიის მეშვეობით ოპერირებს და მისი აქციებით ვაჭრობა დუბაის ფინანსურ ბაზარზე (Dubai Financial Market) ხორციელდება.

მოჰამედ ალაბარი უმსხვილესი აქციონერია კომპანია Eagle Hills-ში, რომელიც როგორც UAE-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არის უძრავი ქონების პროექტების განვითარებით დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ Eagle Hills-ი საქართველოში $6.6-მილიარდიანი უძრავი ქონების პროექტის განვითარებით არის დაკავებული:

  • თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):
    კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.
  • გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
    პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.

ინვესტორმა აქ არქიტექტურული პროექტი უნდა მოამზადოს და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მოლოდინია, რომ 2026 წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდება.

bm.ge