საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები წლების განმავლობაში, მუდმივად ძლიერია. ჩვენ ვცდილობთ გავაანალიზოთ, რატომ ხდება ეს - ამის შესახებ BMG-სთან EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის დრაკინოსი აცხადებს.

მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, ქვეყნის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და ერთ კონკრეტულ მდგენელს არ ეყრდნობა.

“საქართველოს ეკონომიკა არ არის დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ სავაჭრო პარტნიორზე ან ურთიერთობაზე, ის საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ეს არის მოქნილი ეკონომიკა იმ რეფორმების წყალობით, რომლებიც მთავრობამ ბოლო წლებში გაატარა. ბაზარი მოქნილია და შეუძლია გამოწვევებთან ადაპტაცია.

მაგალითად, განათლება გახდა ახალი სექტორი, რომელიც ხუთი წლის წინ ასეთ როლს არ თამაშობდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში. ახლა კი, ბევრი სტუდენტი ჩამოდის, აქ ცხოვრობენ, იხდიან გადასახადებს და ხარჯავენ ფულს. ვხედავთ, რომ ეკონომიკა მდგრადია, დივერსიფიცირებულია და არ ეყრდნობა ერთ რომელიმე კონკრეტულ ნაწილს, ხოლო ის სამეწარმეო ნიჭი, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს, ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის” - აცხადებს ალკის დრაკინოსი BMG-სთან.

კითხვაზე, თუ როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკაზე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი პასუხობს:

“წინასწარმეტყველება გამიჭირდება, თუმცა, ვიტყვი, რომ კრიზისს ყოველთვის აქვს ნეგატიური გავლენა, მაგრამ ასევე მოაქვს გარკვეული შესაძლებლობებიც. საბოლოო ჯამში, მე მჯერა თქვენი, როგორც ნიჭიერი ხალხის, რომ ამ სიტუაციიდან საქართველოს კეთილდღეობისთვის საუკეთესო შედეგს მიიღებთ”.

რაც შეეხება ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერასა და სამომავლო პროექტებს, დრაკინოსი აცხადებს, რომ EBRD საქართველოს ზრდისა და ეკონომიკური განვითარების ძლიერი მხარდამჭერია.

“ბოლო სამ წელიწადში ჩვენ საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ-ნახევარ ევროზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ. ჩვენ ვართ მოთხოვნაზე ორიენტირებული ინსტიტუტი და მზად ვართ გავაგრძელოთ კერძო სექტორის მხარდაჭერა. გვაქვს მოთხოვნა განახლებადი ენერგიის, ინდუსტრიის, საბანკო სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან და სხვა სექტორებიდან” - ამბობს EBRD-ის რეგიონული დირექტორი.

bm.ge