2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჩინეთიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით გადაზიდული საკონტეინერო ნაკადის მხოლოდ 10% აისახა საქართველოში იმპორტის სახით, რაც შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე არსებული ნაკადების მოცულობის შესახებ კვლევაშია აღნიშნული.

ანალიზის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ჩინეთიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით კონტეინერების გადაზიდვის საერთო მოცულობამ 45 426 ათასი TEU შეადგინა.

ამ ნაკადიდან 27 782 TEU, ანუ 61%, აზერბაიჯანის მიმართულებით, ალიათის ნავსადგურში ჩამოიტვირთა. საქართველოს იმპორტზე 4 318 TEU, ანუ 10% მოდიოდა, ხოლო 712 TEU, 2%, ახალქალაქის გავლით თურქეთის მიმართულებით გადაიზიდა. ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების გავლით ტრანზიტმა კი 510 TEU, ანუ საერთო ნაკადის დაახლოებით 1% შეადგინა.

კვლევის ავტორების შეფასებით, შუა დერეფნის, იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) დატვირთვის შეფასებისას ხშირად გამოიყენება ჩინეთისა და ყაზახეთის სატრანსპორტო ქსელებზე დაფიქსირებული მონაცემები. მათი განმარტებით, ასეთი მაჩვენებლები სრულად არ ასახავს იმ ტვირთის მოცულობას, რომელიც საბოლოოდ საქართველოს სატრანსპორტო ქსელამდე აღწევს.

ანალიზში აღნიშნულია, რომ ჩინეთიდან ან ყაზახეთის ქსელზე დაფიქსირებული ტვირთნაკადი მარშრუტის სხვადასხვა მონაკვეთზე მცირდება, რის გამოც საქართველოს მონაკვეთზე გაცილებით მცირე მოცულობა ფიქსირდება.

2026 წლის 8 თვის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში ბლოკმატარებლებით, ძირითადად, მაღალი ღირებულების და სწრაფ მიწოდებაზე ორიენტირებული საქონელი შემოდიოდა. მათ შორის იყო ტელეფონები, კომპიუტერები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტრონული მოწყობილობები, სამრეწველო დანადგარები, ავტონაწილები, ტანსაცმელი და ქსოვილები, მზის პანელები, ელექტრომობილები და შესაბამისი კომპონენტები.

ამავე პერიოდში ჩინეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით შუა დერეფნით გადაიზიდა ფოტოელექტრული მოდულები და მზის ელექტროსადგურების კონსტრუქციები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტრონიკა, ავტოკომპონენტები, სამრეწველო აღჭურვილობა, ფოლადის მილები, სამშენებლო მასალები, ტექსტილი და სხვა სამომხმარებლო საქონელი.

კვლევის თანახმად, აზერბაიჯანის მზის ელექტროსადგურების პროექტებთან დაკავშირებული ლოგისტიკური პროგრამა 100 სპეციალიზებულ ბლოკმატარებელსა და 4 500 კონტეინერს მოიცავს.

ანალიზის დასკვნით, ჩინეთიდან შუა დერეფნით გამოგზავნილი საკონტეინერო ნაკადის დაახლოებით 10% აისახა საქართველოში იმპორტის სახით. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებელი საქართველოს მიმართულებით დერეფნის შესაძლებლობების შედარებით დაბალი გამოყენების შესახებ მიუთითებს.