„ჩემი მთავარი დავალება იყო ერთიანი დროებითი გადახურვის შემუშავება, რაც ჩემამდე ბევრმა სხვა ჯგუფმა სცადა და სამწუხაროდ ვერცერთმა მოახერხა განხორციელებადი პროექტის შემუშავება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიტექტორი ვატო ზესაშვილი წერს, რომელიც უკვე ერთი წელია გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის შემუშავებაზე მუშაობს.

მისი თქმით, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარზე მუშაობს მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც შედგება მოზაიკის რესტავრატორების, კედლის მხატვრობის რესტავრატორებისა და არქიტექტორებისგან და თითოეულ ამ რგოლზე პასუხისმგებლობა პროფესიონალების ხელშია.

თავად ვატო ზესაშვილს დამთავრებული აქვს რომის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის რესტავრაციის განხრით და 20 წელზე მეტია ამ სფეროში მუშაობს. საქართველოში განხორციელებული აქვს რამდენიმე პროექტი, მათ  შორის: ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციის შუშის გუმბათი, ლანდშაფტი და მეორე ბლოკი. რომელიც დააპროექტა ფრანკო ძაგარისთან ერთად; ბაგრატის დასავლეთ მკლავის პროექტი და ბაგრატის ტაძრის იატაკი, რომელიც დააპროექტა ანდრეა ბრუნოსთან ერთად.

ვატო ზესაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ:

„გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარზე მუშაობს მულტი დისციპლინარული ჯგუფი, რომელიც შედგება მოზაიკის რესტავრატორების, კედლის მხატვრობის რესტავრატორებისა და არქიტექტორებისგან.

მოზაიკის რესტავრაციაზე პასუხისმგებელი არის რობერტო ნარდი,

კედლის მხატვრობაზე პასუხისმგებლები არიან სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე,

დროებითი გადახურვა და არქიტექტურაზე ვახტანგ ზესაშვილი.

მარილების მონიტორინგი და კვლევაზე ცალკე გერმანული და იტალიური ჯგუფი მუშაობს.

მუშაობა მიმდინარეობს ამ ჯგუფების კოორდინაციით და სამუშაო პროცესი იგეგმება ერთმანეთთან შეთანხმებით, საუკეთესო გამოსავლის საპოვნელად.

მე, როგორც არქიტექტორს, შემიძლია გაგცეთ პასუხი ჩემ კომპეტენციაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ერთ წელზე ცოტა მეტია რაც ვმუშაობ ამ პროექტზე და ჩემი მთავარი დავალება იყო ერთიანი დროებითი გადახურვის შემუშავება, რაც ჩემამდე  ბევრმა სხვა ჯგუფმა სცადა და სამწუხაროდ ვერცერთმა მოახერხა განხორციელებადი პროექტის შემუშავება. ბევრჯერ მითქვამს, რომ ძალიან რთული დავალების წინაშე დავდექით. გადახურვის მალი აღემატებოდა 40 მეტრს და საძირკვლების მოწყობა გამორიცხული იყო არქეოლოგიური ფენების გამო, ასევე სამონასტრო კომპლექსში მძიმე სამშენებლო ტექნიკის შეყვანაც შეუძლებელია. გერმანელ კონსტრუქტორთან და მწარმოებელთან ერთად შევიმუშავეთ ეს პროექტი, რომელიც ახლა განხორციელების ფაზაშია. ეს პროექტი მთლიანად პასუხობს დასახულ მიზნებს. არის მსუბუქი, არ სჭირდება საძირკველი და ფარავს მთელ ტაძარს, ასევე სამშენებლო წარმოება მიმდინარეობს მძიმე სამშენებლო ტექნიკის გარეშე.

ახალი, ერთიანი გადახურვის მშენებლობის დროს დაიგეგმა გელათზე არსებული დამცავი ფენის მოხსნა, რომელიც ფარავდა კონქის სახურავს, რადგან იგი ხელს უშლიდა ერთიანი გადახურვის მოწყობას. დამცავი ფენა ერთ მხარეს ეყრდნობოდა ტაძარს და მეორე მხარეს ხარაჩოებს. ამ ხარაჩოს ადგილას გაკეთდა ერთ-ერთი ახალი, დროებით გადახურვის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც კრავს ჩრდილო და სამხრეთ მხარეებს და აძლევს მთლიან სტრუქტურას ჰორიზონტალური დატვირთვებისგან სტაბილიზაციას, როგორიც არის ქარი.

დამცავი ფენის მოხსნამდე მოხდა სიტუაციის შესწავლა და შეფასება, ადგილზე დავთვალე კრამიტების მდგომარეობა და გავეცანი კვლევებს რომლებიც იყო ჩატარებული გასულ წლებში. აქვე არის წარმოდგენილი კონქის თავზე არსებული სახურავის ჭრილი. სადაც ნაჩვენებია ის ფენები და სისტემა რაც არსებობს კონქის სახურავზე. ჰიდრო იზოლაციის ფენა, კირის დუღაბი და რაც მთავარია სადრენაჟეო ნახვრეტი ლავგარდენში.

ამ ინფორმაციის საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება რომ ორი ან სამი კვირით დამცავი ფენის მოხსნა უსაფრთხო იქნებოდა ტაძრისთვის და კონქზე არსებული მოზაიკისთვის, რადგან 20 დღეში აღიმართებოდა ერთიანი დროებითი გადახურვის ის ნაწილი რომელიც ფარავს კონქის სახურავს. შუალედში იქნა მოწყობილი მცირე დამცავი ფენა.

ასევე ვატარებდი მონიტორინგს, როგორც გარედან ასევე მოზაიკის ზედაპირზე და მის ქვეშ არსებულ მხატვრობაზე. არანაირი ნიშანი წყლის ინფილტრაციის არ დაფიქსირებულა ამ სამკვირიან მონაკვეთში.

სამუშაო პროცესში ხდება გადაწყვეტილების მიღება. რა დონის საჯაროობა უნდა ჰქონდეს ამ პროცესს. ნამდვილად არ მეგონა თუ ამხელა ახსნა განმარტება დასჭირდებოდა ამ ქმედებას.

რაც შემეხება მე, ბევრი არ მიცნობს და არ იცის რა მაქვს გაკეთებული. დავამთავრე რომის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის რესტავრაციის განხრით. 18 წელზე მეტი ვიცხოვრე იტალიაში და 20 წელზე მეტია ვმუშაობ ამ სფეროში და 14 წელია კულტურულ მემკვიდრეობაზე და არა მარტო.

საქართველოში მაქვს განხორციელებული რამდენიმე პროექტი:

ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციის შუშის გუმბათი, ლანდშაფტი და მეორე ბლოკი. რომელიც დავაპროექტე ფრანკო ძაგარისთან ერთად.

ბაგრატის დასავლეთ მკლავის პროექტი და ბაგრატის ტაძრის იატაკი.

რომელიც დავაპროექტე ანდრეა ბრუნოსთან ერთად“, - წერს არქიტექტორი.

ფოტოები: ვატო ზესაშვილი