ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროცესში იმ მოქალაქეებისა თუ კერძო კომპანიების უფლებების დასაცავად, რომლებსაც ეს პროექტი შეეხებათ, სპეციალურ კონსულტანტს დაიქირავებენ.
ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის [ADB] სესხით ფინანსდება, კონსულტანტის შესარჩევად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვაკანსია ბანკის მხარდაჭერით გამოაცხადა.
„შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად“, – წერს დეპარტამენტი.
სოციალური საკითხების ადგილობრივი კონსულტანტის მთავარი მოვალეობა ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ადამიანების ინტერესების დაცვა იქნება.
გზების დეპარტამენტის განცხადებით, „დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 წელი“. დაინტერესებულმა პირებმა კი ინტერესის გამოხატვა ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინონ აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის მეშვეობით, 2026 წლის 14 აპრილის ჩათვლით.
ADB-ს ვებგვერდის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების ბიუჯეტი 196 ათას 500 აშშ დოლარია.
დაქირავებულ კონსულტანტს, ძირითადად, სამი მთავარი მიმართულება ევალება:
- განსახლებისა და კომპენსაციების პროცესის ზედამხედველობა – კონსულტანტმა უნდა აკონტროლოს, რომ მიწების შესყიდვა, ხალხის განსახლება და კომპენსაციების გაცემა მოხდეს წესების [ADB-ის სტანდარტების] დაცვით. აქ მთავარია არ დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა დაზარალებული კუთვნილ კომპენსაციას არ მიიღებს.
- კომუნიკაცია ხალხთან და საჩივრების მართვა – ეს არის შუამავლის როლი გზების დეპარტამენტსა და მოსახლეობას შორის [საჩივრების მიღება, მათი აღრიცხვა და ზრუნვა იმაზე, რომ ხალხის პრეტენზიები დროულად და სამართლიანად დაკმაყოფილდეს. ასევე, საჯარო შეხვედრების ორგანიზება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია].
- მონაცემთა ბაზების წარმოება და ანგარიშგება – კონსულტანტს ევალება მთელი ამ პროცესის „ქაღალდზე“ ასახვა. ანუ, შექმნას და განაახლოს ბაზები [ვინ რა კომპენსაცია აიღო, ვის რა პრობლემა აქვს], ჩაატაროს მონიტორინგი ადგილზე და მოამზადოს ანგარიშები იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს პროექტი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმი-სარფის გზის პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოქცეულია კერძო საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული 117 მიწის ნაკვეთი, 9 საცხოვრებელი სახლი, 10 ბინა/არასაცხოვრებელი ფართობი, 27 კომერციული/ადმინისტრაციული შენობა და 37 დამხმარე ნაგებობა.
„მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, ჯამური საკომპენსაციო თანხა მიწის ნაკვეთებისათვის შეადგენს 61 410 384 ლარს, ხოლო შენობა-ნაგებობებისათვის – 44 630 671 ლარს. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განხორციელება დაიწყო 2025 წლის აგვისტოს თვეში“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტისგან „ბათუმელებისთვის“ 2025 წლის 11 სექტემბერს გამოგზავნილ წერილში.
კონსულტანტის შერჩევამდე კი, კერძო პირებისთვის ექსპროპრიაციის გზით ქონების ჩამორთმევის პროცედურაც დაწყებულია.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კი ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის 68 მილიონი ლარია გაწერილი.
„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ბათუმი[ჭოროხი] – სარფის[თურქეთის საზღვარი] გზა კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს. თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა.
სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი [1 440 დღე – ხელშეკრულების გაფორმებიდან], ხოლო მომდევნო დაახლოებით 3 წელი [1080 დღე] – „დეფექტების შეტყობინების პერიოდი“ იქნება.
პროექტი ეხება სახელმწიფო თუ მუნიციპალურ ქონებასაც.