ჩემი ადმინისტრაცია მზადაა, უნგრეთს აშშ-ის სრული ეკონომიკური სიძლიერით დაეხმაროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი ადმინისტრაცია მზადაა უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ეკონომიკური სიძლიერე გამოიყენოს, როგორც ეს წარსულში ჩვენი დიდებული მოკავშირეებისთვის გაგვიკეთებია, თუ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უნგრელ ხალხს ეს ოდესმე დასჭირდებათ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ინვესტიცია ჩავდოთ მომავალ კეთილდღეობაში, რომელსაც ორბანის უწყვეტი ლიდერობა წარმოქმნის“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას, 12 აპრილს გაიმართება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი იმყოფებოდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

www.interpressnews.ge