„ალბათ არ იქნება ადვილი საქმე... ბევრჯერ დაიგეგმა, ბევრჯერ გადავადდა...“ - თბილისში ტრამვაის დაბრუნების იდეას, დადებით შეფასებებთან ერთად, სკეპტიციზმიც ახლავს.

ძველი იდეა, რომელზეც უკვე 15 წელია დროდადრო ვსაუბრობთ, როგორც ჩანს თაროდან კიდევ ერთხელ ჩამოიღეს. ამჯერად თბილისის მერიას ტრამვაის ხაზის გაყვანა დიდი დიღმიდან მეტრო "დიდუბემდე" სურს. საუბარია 7.5-კილომეტრიანი, 11-სადგურიანი ხაზის გაყვანაზე, რომელზეც 10 შემადგენლობა ივლის და თითოეულს 300 მგზავრის გადაყვანა შეეძლება.

ორრელსიანი ტრამვაის ხაზის გაყვანა მოხდება, თუ ერთრელსიანის? კონკრეტულად სად იქნება გაჩერებები? რამდენი მილიონი დაჯდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დედაქალაქში დაბრუნება, ან ხომ არ გამოიწვევს მოაზრებული მარშრუტი მეტროსადგური „დიდუბეს“ გადატვირთვას? - ამ კითხვებზე პასუხი ჯერ თბილისის მერიაში არ აქვთ. პროექტის იდეიდან ფურცელზე გადასვლისა და კონკრეტულ კონტურების გამოკვეთისთვის მერია ახლა ფასთა გამოკითხვას ატარებს.

რატომ შეირჩა დიდი დიღომი ტრამვაის საწყის წერტილად, ექსპერტებისთვის გასაგებია.

ქაოსურად განაშენიანებული ტერიტორია სულ უფრო მეტად იჭედება ხერგილებში. ბოლო პერიოდში ქალაქის შემოსასვლელ/გასასვლელი არტერია ხშირად გაჭედილია და პრობლემის მოგვარებისთვის „დიდი დიღმის“ ქალაქის სხვა ნაწილებთან დაკავშირება ლიანდაგიანი ტრანსპორტით დიდი ხანია განიხილება. პრობლემა დღესაც მწვავეა.

„დიდი დიღმის განაშენიანებამ პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს, ბევრი ავტომობილი, ავტობუსები, მიკროავტობუსები გადაადგილდებიან ამ (აღმაშენებლის ხეივანი) გზაზე, ქალაქის შემოსასვლელი არტერიაა და იხერგება ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებსაც უჭირთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, ხშირად ლოდინის რეჟიმია ძალიან დიდი. ალბათ ამიტომაც მიიღო მერიამ ამ პროექტის ინიციირების გადაწყვეტილება. თუმცა ალბათ, არ იქნება ადვილი საქმე. ბევრჯერ დაიგეგმა, ბევრჯერ იქნა ვადები გადაწეული“, - ამბობს „საქმის კურსთან“ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ირაკლი იზორია.

ექსპერტი იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რაც შეიძლება ამ მოკლე მარშრუტმა შექმნას - ეს მეტროსადგურ „დიდუბეში“ მგზავრთნაკადის მკვეთრი ზრდაა, რომელთა გატარება, შესაძლოა, მეტროსადგურს გაუჭირდეს.

"კვლევამ უნდა აჩვენოს, რა ნაკადთან გამკლავება მოუწევს მეტროსადგურს და რა საჭიროებების წინაშე დადგება დედაქალაქის მერია. უპრიანი იქნება, რომ გაგრძელდეს ტრამვაის ხაზი მეტრო „წერეთლის“ და "სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მაინც. ყველა ადამიანი რომ მიაწყდეს ერთ მეტროსადგურს, შეიძლება ამან კოლაფსი გამოიწვიოს. აქაც კვლევაა საჭირო. განვითარების პერსპექტივა უნდა ჩანდეს. არ შეიძლება ფრაგმენტულად გავაკეთოთ ერთი პროექტი და ამით დასრულდეს. კარგია პერსპექტივაში დავინახოთ რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ერთ ხაზს და რა ალტერნატიული ხაზები შეიძლება დაემატოს“, - განმარტავს ირაკლი იზორია.

ექსპერტი ამბობს, რომ ტრამვაის პროექტის განხორციელებისთვის გარკვეული პერიოდია საჭირო, რა დროსაც დედაქალაქის მთავრობამ არჩეული კურსი უნდა გააგრძელოს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემო და კომფორტული იყოს, რისთვისაც ყველა ტრანსპორტის და სატრანსპორტო კვანძის სინქრონიზება უნდა მოხდეს. ამასთან, მიიჩნევს, სრულად გამართლებულია ინვესტირება ტრამვაის პროექტში, რითაც დედაქალაქი ეკოლოგიურად სუფთა და ნაკლებხარჯიან ტრანსპორტს დაიმატებს.

„თუ ტრამვაის პროექტი გვექნება, უნდა შევძლოთ, რომ დედაქალაქის ცენტრამდე მოვიყვანოთ ხაზი. ერთის მხრივ, რომ არ გადავტვირთოთ საგზაო ქსელი და მეორეს მხრივ, ის საინტერესოა ტურიზმის კუთხითაც.

ჩემი რჩევა იქნება მერიისადმი, რომ ამ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებაზე არა ფრაგმენტულად, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში იფიქროს. ტრამვაის გაყვანა უკვე კოლოსალურად ძვირიც არ ჯდება. თუ 1 კმ მიწისქვეშა მეტროს ხაზის მშენებლობა 80-100 მლნ ჯდება, 5-7 მლნ-ად შესაძლებელია 1 კმ ტრამვაის ხაზის გაყვანა. ამასთან, ახალ ავტობუსების სიცოცხლის უნარიანობა და რესურსი დაახლოებით 7-დან 10 წლამდეა, შემდეგ გამოდიან წყობიდან და გვიხდება მათი ჩანაცვლება. ტრამვაის სიცოცხლისუნარიანობა აქვს 25-30 წლამდე გრძელვადიან პერსპექტივაში გვაქვს ეკოლოგიური სისუფთავე, ეკონომიკურად ნაკლები დანახარჯი. ყველანაირად სასარგებლოა გრძელვადიან პერსპექტივაში. ვფიქრობ, ინვესტიციის განხორციელება ამ კუთხით ნამდვილად ღირს", - მიიჩნევს ირაკლი იზორია.

bm.ge