ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიის ფარგლებში  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს ნავსადგურების განვითარების პოტენციალზე და გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის, შეეხო ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიმდინარე პროექტს. თამარ იოსელიანის განცხადებით, მთავრობა ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ნავსადგურების კერძო ოპერატორებთან იმისთვის, რომ არსებულ პორტებში მათი შესაძლებლობები გაიზარდოს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

 

„ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვეთანამშრომლებით ყველა ნავსადგურს, ეს იქნება ფოთის, ბათუმისა თუ ყულევის პორტები იმისთვის, რომ მაქსიმალურად, თავიანთი არსებული რესურსებით შეძლონ უფრო მეტი ტვირთის დამუშავება და მომსახურება“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, როგორც ფოთის, ისე ბათუმის ნავსადგურთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმა, რომ მოხდეს აღნიშნული პორტების გადაიარაღება.

 

„ფოთის ნავსადგურში უკვე განხორციელდა აქტიური სამუშაოები, აღსანიშნავია, რომ  2022 წელს შევიდა ოპერირებაში ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური. ზოგადად,  ფოთის პორტს აქვს პოტენციალი,  თავისი ნავმისადგომები ისე განავითაროს, რომ შეძლოს კიდევ უფრო ბევრი ტვირთის გადამუშავება. სამწუხაროდ, დღეს არ არიან იმ ნიშნულზე, რომ სრულად მოახდინონ თავიანთი რესურსების უტილიზაცია. აქედან გამომდინარე,  ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვეთანამშრომლებით ყველა ნავსადგურს, რომ მაქსიმალურად, თავიანთი არსებული რესურსებით შეძლონ უფრო მეტი ტვირთის დამუშავება და მომსახურება“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

 

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანაკლიის ნავსადგურზე. მისი შეფასებით,  ანაკლია არის ფლაგმანი პროექტი, რომლის ინფრასტრუქტურაც ნულიდან შენდება,  ისევე როგორც ვაზიანის აეროპორტი იმისთვის, რომ რეგიონში არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

 

„ჩვენი ამოცანაა,  ისე დავაპროექტოთ ანაკლიის  პორტი, რომ მოვერგოთ იმ  მოთხოვნებს, რაც ჩვენს რეალურ დროში არსებობს და რეგიონში ჰაბად ჩამოვყალიბდეთ. პირველ გემს ანაკლიის ნავსადგური 2029 წელს მიიღებს. დაკონტრაქტებული გვყავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბელგიური კომპანია „იან დე ნული,“ უკვე ვასრულებთ საპროექტო და სამობილიზაციო სამუშაოებს,  შესაბამისად, ძალიან მალე გადავლენ აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო ინვესტიციას ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში - შედეგად აშენდება წყლის ინფრასტრუქტურა, ტალღამრიდი და აუზი დაღრმავდება 16 მეტრამდე. ასევე  ვაგრძელებთ მუშაობას კერძო ინვესტორის შერჩევის  მიზნით და ვფიქრობთ, ძალიან მალე ამ კუთხითაც უფრო მეტი სიცხადე გვექნება“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.