ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის მორიგი „რეაბილიტაცია“ დასრულდა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინო-მუზეუმი ოფიციალურად, შესაძლოა, 4 ოქტომბრამდე გახსნან [ანუ, „ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებამდე], თუმცა, ინტერიერის მოწყობასა და მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება.
„აჭარის მუზეუმმა“ 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 211 ათას 864 ლარია, მიწოდების ვადა კი – არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბერი.
„რეაბილიტაცია დასრულდა. ექსპონატებს რაც შეეხება, უკვე არის ჩვენს საკუთრებაში და ახლა გააჩნია დიზაინერი რას გვეტყვის – როგორი ავეჯით და როგორი ინსტალაციებით უნდა გაფორმდეს. ეს დიზაინი უკვე სრულყოფილ სახეს მისცემს ყველაფერს, რომ ვიზიტორებისთვის იყოს მიმზიდველი და გაკეთდეს ყველაფერი ულტრათანამედროვე დონეზე“ – გვითხრეს „აჭარის მუზეუმში“.
აღნიშნული კონკურსის დასრულების შემდეგ „აჭარის მუზეუმს“ კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადება მოუწევს – ამჯერად ინტერიერის მოწყობაზე.
რა დაჯდება მუზეუმის ინტერიერის მოწყობა „ულტრათანამედროვე დონეზე“ – ეს კონკურსში გამარჯვებული დიზაინერის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე იქნება დამოკიდებული.
ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში ხულოს ქუჩაზე (რეაბილიტირებული და რეაბილიტაციამდე)
„შენობის ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინის პროექტი ზუსტად უნდა პასუხობდეს კინოს მუზეუმის იდეას, მისიას, მიზნებს და ამოცანებს, კერძოდ, წარმოაჩინოს ბათუმის, როგორც კინემატოგრაფიული ქალაქის ისტორია, სოციოკულტურული რეალიები მსოფლიო კინოს კონტექსტში.
უნდა შექმნას ეროვნული კინოწარმოების განვითარების საერთო სურათი ზოგადად კინოს ისტორიის კონტექსტში“ – აღნიშნულია კონკურის ტექნიკურ დავალებაში. ამავე დავალებაში დეტალურადაა გაწერილი რა მოეთხოვება კონკურსში გამარჯვებულს.
კონკურსში წინადადებების მიღება 2025 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბერს დასრულდება.
კონკურსში მონაწილეობისთვის კი პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოცდილების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერიერის დიზაინის ან/და მუზეუმის ინტერიერის საექსპოზიციო სივრცის დიზაინის ან/და საგამოფენო/საექსპოზიციო სივრცის დიზაინის შექმნის მომსახურების გამოცდილების ოპერირების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ბაზარზე [2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე კონკურსის დასრულების დღემდე].
აღნიშნულის დასტურად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ორი განხორციელებული, შესრულებული პროექტის შესახებ, თითოეული არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების.“
ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩის #10-ში ძველი აბანოს შენობის რეაბილიტაცია თავდაპირველად 2014 წელს დაიწყო და იქ ბათუმის მუზეუმი უნდა გახსნილიყო. სამუშაოებში ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუმცა „ბათუმის მუზეუმი“ არ გახსნილა.
2020 წელს გადაწყდა, რომ ამ შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდებოდა. იმავე წელს გადაწყდა პროექტის შესყიდვაც, რაშიც ბიუჯეტიდან 39 999 ლარი გადაიხადეს.
ყოფილი აბანოს შენობის [ხელახალ] რეაბილიტაციაზე 2022 ტენდერი „აჭარის მუზეუმმა“ ოთხჯერ გამოაცხადა – 1 189 320 ლარით, თუმცა, არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესაბამისად ეს ტენდერები არ შედგა.
2023 წელს კი, აჭარის მუზეუმმა ტენდერი გაზრდილი თანხით – 1 778 806 ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება „ივერთმშენთან“ გააფორმეს.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს. სამუშაოები სრულად 2024 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება.
აჭარის მუზეუმს რამდენიმე დღის უკან, 2025 წლის 29 აგვისტოს მისწერეს „ივერთმშენიდან“, რომ „2023 წლის 23 მაისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია“.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2025 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიისთვის გადარიცხულია 1 585 602 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი].
მუზეუმის ამსახველი ფოტოები საკონკურსო დოკუმენტებიდან:
ბათუმის კინო-მუზეუმის [ყოფილი აბანოს] შენობა რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტოები საკონკურსო დოკუმენტებიდან
ბათუმის კინო-მუზეუმის [ყოფილი აბანოს] შენობა რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტოები საკონკურსო დოკუმენტებიდან
ბათუმის კინო-მუზეუმის [ყოფილი აბანოს] შენობა რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტოები საკონკურსო დოკუმენტებიდან.