ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად 2026 წელს აჭარისა და საქართველოს ბიუჯეტებიდან ჯამში 7,7 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თანხა პლაჟების ხელოვნურ კვებას მოხმარდება – სანაპიროზე საერთო ჯამში 250 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანონ. აქედან 140 ათასი კუბური მეტრი ქობულეთის პლაჟზე, 110 ათასი კი – ბათუმის პლაჟზე.

სპეციალისტები უკვე წლებია აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ მხოლოდ ხრეშის პერიოდული შეტანა პრობლემის დროებითი მოგვარებაა და არა გადაწყვეტა. მათი შეფასებით, თუ ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროებისთვის ზღვისგან დაცვის ახალი, გრძელვადიანი სტრატეგია არ შემუშავდა, სანაპირო ზოლის ნგრევა გაგრძელდება. მეტიც, მაგალითად, ბათუმის სანაპიროს რეალური კატასტროფაც კი ემუქრება.

მიუხედავად ამ გაფრთხილებებისა, „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ „ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე“ ამ ეტაპზე არავინ მუშაობს.

შედეგად, მილიონობით ლარი კვლავ დროებით ღონისძიებებზე იხარჯება, სანაპირო ზოლის სისტემური დაცვა და ზღვის აგრესიული პროცესების მართვა კი ისევ უყურადღებოდ რჩება.

5,2 მილიონი ქობულეთის სანაპიროს დასაცავად

ქობულეთში პლაჟის ნაპირდაცვითი/ნაპირაღდგენის სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 267 457 ლარია. წინადადებების მიღება 2026 წლის 18 მარტს დაიწყება და ხუთ დღეში – 23 მარტს დამთავრდება.

„ქალაქ ქობულეთში ზღვის ძლიერი შტორმული ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა პლაჟის სიგანე და სიმაღლე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის შესაბამისად განსაზღვრულია 3 უბანზე რეცხვადი ბუნას [ერთგვარი ხელოვნური დამბის] მოწყობა კარიერიდან მოზიდული ხრეშოვანი გრუნტით – ჯამური მოცულობით 140 305 კუბური მეტრი“ – აღნიშნულია პროექტში.

სატენდერო და საპროექტო დოკუმენტებში არ არის მითითებული თუ რომელი კარიერებიდან ამოიღებენ ხრეშს. ასევე არ არის მითითებული რა ადგილიდან შეიტანენ მას პლაჟზე.

„სანაპიროზე ინერტული მასალის შეტანის ლოკაცია უნდა შეთანხმდეს ქობულეთის მერიასთან“ – წერია პროექტში.

სამუშაოებისთვის გათვლილია 4 თვე. ამასთან, ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე. შემსყიდველი კი წერილობითი დავალებას გასცემს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში“.

პროექტში ხაზგასმულია, რომ ქობულეთის სანაპიროზე 140,3 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანა პლაჟის აღსადგენად არ იქნება ეფექტური, თუ ხრეშის პერიოდულად შეტანა მომავალშიც არ გაგრძელდება:

„ვინაიდან წყალქვეშა ფერდი უკვე დაზიანებულია, წინამდებარე პროექტით განსაზღვრული პლაჟის აღდგენის ღონისძიებები არ იქნება ეფექტური, თუ პერიოდულად არ მოხდება სანაპირო ზოლის მდგრადობისათვის აუცილებელი რაოდენობის პლაჟწარმომქნელი მასალის ხელოვნურად შეტანა. შესატანი მასალის რაოდენობა უნდა განისაზღვროს პერიოდული მონიტორინგის საფუძველზე“,

ქობულეთის პლაჟზე ხრეშს სამ უბანზე შეიტანენ: პირველ უბანზე – 78 300 კუბურ მეტრს, მეორე უბანზე – 19 525 კუბურ მეტრს, ხოლო მესამე უბანზე – 42 480 კუბურ მეტრს, რითაც მოაწყობენ სამ რეცხვად ბუნას.

ტენდერში აღნიშნულია, რომ ქალაქ ქობულეთში პლაჟის ნაპირდაცვითი/ნაპირაღდგენითი სამუშაოების პროექტი დამუშავდა გზების დეპარტამენტსა და შპს „კავკას როუდს“ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. კომპანიას ჩაუტარებია შესაბამისი საძიებო-კვლევითი სამუშაოებიც.

რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი პროექტიდან:

  • მდინარე ნატანების შესართავსა და ციხისძირის კონცხს შორის მდებარე სტრუქტურული ბლოკი უარყოფითი ტექტონიკური მოძრაობებით ხასიათდება. ამ მონაკვეთში სანაპირო ზონა ყოველწლიურად დაახლოებით 1-2 მმ-ით იძირება. ანალოგიური პროცესები ფიქსირდება ბათუმი-ჭოროხის სტრუქტურულ ბლოკშიც.

განმეორებითი გეოდეზიური გაზომვების მიხედვით, ჭოროხი-ბათუმის სტრუქტურული ბლოკის ზღვისპირა ნაწილი წელიწადში საშუალოდ 0,8-1,3 მმ-ით იძირება.

  • ციხისძირის სტრუქტურული ბლოკი, განსხვავებით ზემოაღნიშნული მონაკვეთებისა, აზევებით ხასიათდება. მისი ზღვისპირა ზოლი წელიწადში დაახლოებით 1-2 მმ-ით იმაღლებს. მსგავსი აზევების ტემპი დამახასიათებელია სარფი-კალენდერის სტრუქტურული ბლოკისა და მასთან მიმდებარე სანაპირო ზონისთვის. აღნიშნული ბლოკების აზევება მათი ზღვისპირა კიდეების გასწვრივ ხელს უწყობს აბრაზიული, ანუ ნგრევადი ტიპის ნაპირების ჩამოყალიბებას…
  • მაღალი ინტენსივობის ღელვები ძირითადად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ფიქსირდება, ხოლო შედარებით დაბალი ინტენსივობის ღელვები – გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის პირველ ნახევარში.
  • 40-წლიანი დაკვირვების პერიოდში ყველაზე აქტიური შტორმული პროცესები დაფიქსირდა 1997-2007 წლებში, როდესაც აღირიცხა ძლიერი შტორმების 236 შემთხვევა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2007 წელი, როდესაც დაფიქსირდა 52 ძლიერი შტორმი, მათ შორის 34 – ხუთბალიანი და 15 – ექვსბალიანი. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის თებერვლამდე პერიოდში აღირიცხა ორი 6 ბალიანი და სამი 7 ბალიანი შტორმი…
  • 2025 წელს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დაფიქსირდა 8 ბალიანი შტორმი, რაც ენერგეტიკული თვალსაზრისით ანომალიურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს წინა წლების დაკვირვებების ფონზე. აღწერილი პროცესები, სავარაუდოდ, უკავშირდება კლიმატის გლობალურ ცვლილებებს და წარმოადგენს დამატებით ნეგატიურ ფაქტორს შავი ზღვის სანაპირო ზონის მდგრადობისთვის.

ქობულეთის პლაჟი / ფოტოები პროექტიდან

2,4 მილიონი ლარი ბათუმის სანაპიროს დასაცავად

ბათუმის სანაპიროს პრობლემებს რაც შეეხება, „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი უმთავრეს პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებდა:

  • ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა;
  • თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა;
  • ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში; ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება; შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა
  • შეწყდა ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება.
  • ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] კი ბათუმის კონცხთან ზღვაში იკარგება.

ბათუმის პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე ამჯერად ტენდერი, 2 472 349 ლარით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს აქვს გამოცხადებული.

ტენდერის ფარგლებში, 2026 წელს, 110 ათასი კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალის/ხრეშის შეტანა პლაჟზე ორ ადგილზეა დაგეგმილი: აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მოპირდაპირედ – აქ შესატანია 40 ათასი კუბური მეტრი ხრეში, ხოლო მეორე ადგილია ახალი ბულვარის გასწვრივ – ზღვისგან დანგრეული პირსის მიმდებარედ – აქ შეიტანენ 70 ათას კუბურ მეტრ ხრეშს.

აღნიშნული ტენდერი 2026 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა ორ პრეტენდენტს [შპს „იქსენერჯი გრუპ“ – შეთავაზება 1 456 000 ლარი და შპს „ენ-დი როუდი“ – შეთავაზება 1 656 240 ლარი].

მესამე პრეტენდენტია შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“, რომელიც სამუშაოების შესრულებას აჭარის გარემოს სამმართველოს 1 854 250 ლარად სთავაზობს.

„ეთხოვოს შპს „ელიტ ბილდერს გრუპს“ არაუმეტეს სამი სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს – ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ…“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის 3 თებერვლის ოქმში.

„ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია“ – რომელზეც არავინ მუშაობს

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით 2022 წელს მომზადდა „ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) პროექტი“, რომელიც სამმართველომ 2022 წლის 10 მაისს ჩაიბარა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით:

„სანაპიროს მკვებავ მდინარეებში აღარ არსებობს პლაჟების მკვებავი მასალა, ვინაიდან მათი პირდაპირი დანიშნულების მაგივრად მდინარის ნატანს იყენებენ სხვადასხვა სამშენებლო მიზნებით [შემოვლითი გზების და უბრალოდ გზების მშენებლობა, მაღლივი კორპუსების მშენებლობა უშუალოდ ზღვასთან და ხშირ შემთხვევაში იქ, სადაც პლაჟი და ზვინული უნდა იყოს].

აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“. 

„ბათუმელებმა“ 2025 წლის 30 დეკემბერს კიდევ ერთხელ მიმართა წერილობით აჭარის მთავრობას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და ბათუმის მერიას იდენტური კითხვებით:

  • მიმდინარეობს თუ არა მუშაობა „სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე“?
  • შექმნილია თუ არა ამ კუთხით სამუშაო ჯგუფი? კომისია? როდის შეიქმნა?
  • რომელი უწყებები, სამსახურები თუ სპეციალისტები არიან ჩართული? [მოგვწერეთ დეტალურად];
  • ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვის კუთხით ნებისმიერი ბრძანების/გადაწყვეტილების/ან სხვა დოკუმენტის ასლი, რომელიც მიღებულია 2022 წლის მაისიდან დღემდე პერიოდში.
  • ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვის კუთხით რა გეგმა/პროექტი არსებობს [პლაჟის ხელოვნური კვების გარდა]? მოგვაწოდეთ ამ გეგმის/პროექტის ასლი ელექტრონულად.

ჩვენი წერილი 2026 წლის 8 იანვარს აჭარის მთავრობის აპარატიდან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადააგზავნეს „განსახილველად“, ხოლო ბათუმის მერიისგან ჩვენს წერილზე დღემდე არავის უპასუხია.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოდან კი, 2026 წლის 27 იანვარს, მიმდინარე ტენდერთან [ასევე ზღვის ხელოვნურ კვებასთან] დაკავშირებული ინფორმაცია მოგვაწოდეს. „ახალ სტრატეგიაზე“ სამმართველოს პასუხში აღნიშნულია:

„რაც შეეხება „სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიას“, სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს თავისი მოსაზრებები“. 

batumelebi.netgazeti.ge