ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულებულია, „აღნიშნული საავტომობილო გზის
პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.“ – მისწერეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. წერილში ასევე აღნიშნულია,, რომ ახალი გზის „სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდება უახლოეს პერიოდში“. პროექტის სავარაუდო ღირებულებასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ „მოკლებული არიან შესაძლებლობას“ მედიას მიაწოდონ ეს ინფორმაცია.

„რაც შეეხება, თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას პროექტის სავარაუდო ღირებულებასთან დაკავშირებით, სამშენებლო სამუშაოებზე სატენდერო პროცედურების დასრულებამდე დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას, მოგაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.

ამასთან, გაცნობებთ, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოქცეულია კერძო საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული 117 მიწის ნაკვეთი, 9 საცხოვრებელი სახლი, 10 ბინა/არასაცხოვრებელი ფართობი, 27 კომერციული/ადმინისტრაციული შენობა და 37 დამხმარე ნაგებობა.

მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, ჯამური საკომპენსაციო თანხა მიწის ნაკვეთებისათვის შეადგენს 61 410 384 ლარს, ხოლო შენობა-ნაგებობებისათვის – 44 630 671 ლარს. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განხორციელება დაიწყო 2025 წლის აგვისტოს თვეში“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტისგან „ბათუმელებისთვის“ 2025 წლის 11 სექტემბერს გამოგზავნილ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარია გათვლილი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან დაიხარჯება 185 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი დონორის თანხა, ანუ სესხი იქნება – 435 მილიონი ლარი. დონორი ამ შემთხვევაში, როგორც ოფიციალურადაა გაცხადებული, აზიის განვითარების ბანკი [ADB] იქნება.

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“ ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკებების გამართვაზე „ოცნების“ მთავრობამ განკარგულება 2025 წლის 24 ივლისს მიიღო.

კონკრეტულად სესხის ოდენობა და პირობები ამ დროისთვის არ გასაჯაროებულა.

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს [ADB] შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული გზის პროექტის განხორციელების თაობაზე, რომლის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის სესხის წილი დადგინდება სასესხო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ“. – გვწერს დეპარტამენტი 2025 წლის 11 სეტემბრის წერილში.

„ოცნების“ მთავრობის მიერ კი 2025 წლის 27 აგვისტოს გამოცემულია განკარგულება, სადაც აღნიშნულია, რომ ხელი მოეწეროს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“.

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზას, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ეს ავტობანი კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს.

რენდერი: ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზა სარფში, ზღვის სანაპიროსთან / ფოტო პროექტიდან

2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი გზისთვის 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარია გამოყოფილი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, დაახლოებით ერთი თვის წინ, ამ გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. საკონსულტაციო მომსახურებისთვის 13,9 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.

დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ.

batumelebi.netgazeti.ge