მაისში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 25.6 მლნ ლარით გაიზარდა და 470.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 41.6% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 12.8%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით შემცირდა.
მაისში, ლარით დაკრედიტება წლიურად 15.2%-ით, 25.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.7 პპ-იანი წვლილი შეიტანა.
უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 10.2%-მდე შენელდა და მთლიანი სესხების ზრდაში 5.0 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპის შემცირება ძირითადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპის შენელებით არის განპირობებული, რომლის წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პპ-ით შემცირდა, იპოთეკური სესხების წვლილი კი 0.1 პპ-ით შემცირდა. სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა და მთლიან სესხებში 3.5 პპ-იანი წვლილი შეიტანა.
მაისში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით შემცირდა და 14.0% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 16.6%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 1.3 პპ-ით 9.1%-მდე შემცირდა.