„არავის გვაწყობს უძრავი ქონება გაიაფდეს საქართველოში, თუ გაიაფდა ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყანა გაიაფდა. პირიქით, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ მეტი შემოსავლები გვქონდეს და მდიდარი ქვეყანა ვიყოთ“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კომპანია „მოდე რეალ ესთეითის“ დამფუძნებელმა ნატო მოდებაძემ ისაუბრა.
„უძრავ ქონებაზე ფასები ვერ დაიწევს, თუკი მშენებლობის თვითღირებულება მაღალია. ყველა ვთანხმდებით და ვიცით, რომ მიწის ნაკვეთი, როგორიც მშენებლობისთვისაა საჭირო, ძალიან ცოტაა, ფასიც ძალიან მაღალია და შესაბამისად, თვითღირებულებაც მაღალია. ებრაელებს აქვთ ასეთი გამოთქმა - „იყიდეთ მიწა, მიწის წარმოება ჯერ არავის არ დაუწყია“. მიწა არის ისეთი რესურსი, რომელსაც ფიზიკურად ვერ აწარმოებ. რაც შეეხება ფასს, იცით, რომ ქვეყანაში არის ინფლაცია, შესაბამისად, უძრავი ქონების ფასიც არის მაღალი.
როცა ექსპერტები საუბრობენ ქონების ფასზე, არა გვაქვს მონაცემები, რა ღირს უძრავი ქონება აზერბაიჯანში, სომხეთში ან სხვა მეზობელ ქვეყნებში, იქ უფრო მაღალი ფასებია. ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონების ფასი კი არ არის პრობლემა, უძრავი ქონება წესით უფრო ძვირიც უნდა ღირდეს. პრობლემა არის, რომ ჩვენ მოსახლეობას დაბალი შემოსავალი აქვს. საშუალო ხელფასი 2 ათასი ლარია, 2 ათას ლარად ადამიანმა როგორ უნდა შეიძინოს უძრავი ქონება. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის შემოსავალი გაიზარდოს“, - განაცხადა მოდებაძემ.
რაც შეეხება ფასებს, უძრავი ქონების სპეციალისტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გაიაფება არ მოხდება: „არავის გვაწყობს უძრავი ქონება გაიაფდეს საქართველოში, თუ გაიაფდა ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყანა გაიაფდა, პირიქით, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ მეტი შემოსავლები გვქონდეს და მდიდარი ქვეყანა ვიყოთ. ქირის ფასმა კი დაიკლო და კიდევ დაიკლებს, რადგან, რაც უფრო მეტი ქონება შეიქმნება, მით ნაკლები იქირავებს ბინას“.
კითხვაზე, უცხოელებიდან ძირითადად ვინ ყიდულობს საქართველოში უძრავ ქონებას, ნატო მოდებაძე ამბობს, რომ ემიგრანტებთან ერთად, რუსეთის და ისრაელის მოქალაქეები.
„საქსტატის მონაცემებში არ არის ჩაშლილი, ვინ ყიდულობს ან რისთვის ყიდულობს უძრავ ქონებას. უძრავი ქონების ასოციაციის წევრები აქტიურად ვმუშაობთ MLS სისტემაზე, სადაც ეს საკითხები გვექნება ჩაშლილი. ჩვენ ურთიერთობა ძირითადად მყიდველებთან გვაქვს, დაახლოებით, მყიდველთა 50% არიან ის ოჯახები, რომლებიც მრავლდებიან, ასევე ახალგაზრდები, რომელიც აიტის სფეროში მუშაობენ და აქვთ შემოსავალი. დანარჩენები კი ან ყიდულობენ ემიგრანტები, ან ისრაელის მოქალაქეები, ან რუსები.
ბევრი უცხოელი მყიდველი ყოფილა ჩემთან და უთქვამს, იმიტომ მინდა უძრავი ქონება შევიძინო საქართველოში, რომ მე მქონდეს თავისუფალი წვდომა ევროპაზე, განსაკუთრებით კი მსგავსი დაინტერესება რუსების მხრიდანაა, რომლებსაც ინგლისში შესვლაზე პრობლემები აქვთ. უთქვამთ რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი შვილი გახდება საქართველოს მოქალაქე და შეიძლება სასწავლებლად წავიდეს ლონდონში, ამასთან მას შეეძლება უვიზოდ ევროპის ქვეყნებში წასვლა. მათთვის კი ეს მომხიბვლელია“, - აღნიშნა მოდებაძემ „საქმეში“.