ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსის დიდი ცვლილება არ არის მოსალოდნელი.
„ქვეყანაში დიდი მოცულობით შემოდინებაა ტურიზმიდან, ექსპორტიდან და ა.შ. რაც ხელს უწყობს კურსის გამყარებას. თუმცა, თუ კურსი ზედმეტად გამყარდა, ეს იწვევს იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას, ექსპორტის შეფერხებას და საბოლოო ჯამში, კურსის გაუფასურებას.
კურსის პროგნოზის გაკეთება არ იქნება სწორი, ვერავინ იტყვის, კურსი რამდენი იქნება და არავინ არ უნდა ენდოს არავის ნათქვამს. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მათ შორის ექსპორტი, იმპორტი, ტურიზმი და ა.შ.
ზოგადად პროგნოზს რაც შეეხება, ჩვენ არ ველით, რომ დიდი არასტაბილურობა გვექნება. რა პროგნოზიც არის, როგორც ექსპორტის, იმპორტის და ტურიზმის მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ კურსი წელს გამყარებული დარჩება. თუმცა, მნიშვნელოვანი გამყარება ეკონომიკისთვის კარგი არ იქნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გამყარების შემდეგ, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.64 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5294 ლარი გახდა.