ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლაშა პიტნავამ გადაცემაში „კომერსანტის თემა“ ახალ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც სათამაშო ბიზნესისთვის ჯარიმების რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ბიზნესმა სანებართვო პირობები კეთილსინდისიერად შეასრულოს.

დღესდღეობით პარლამენტში არის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სანებართვო პირობების დარღვევაზე ჯარიმების ზრდას. დღეს კანონში გვაქვს ორი დაშვება. ერთია სანებართვო პირობების ვადის გადაცილებაზე ჯარიმა, მეორე გვაქვს სანებართვო პირობების დარღვევაზე ჯარიმა. ამ შემთხვევაში ჩვენ სანებართვო პირობების ვადის გადაცილების ჯარიმას ვუთანაბრებთ სანებართვო პირობების დარღვევას.

ხშირ შემთხვევაში ბიზნესს უღირდა, რომ როცა შეგვითანხმებდა სანებართვო პირობებს, დაერღვია ის და ჯარიმა გადაეხადა, რომელიც, მაგალითად, სათამაშო აპარატის შემთხვევაში იყო 1 000 ლარი. მაგალითად, რომ ავიღოთ თბილისი. დედაქალაქში რომ სათამაშო აპარატის სალონი გავხსნათ, ამისთვის  ბიზნესმა უნდა აიღოს 5 წლიანი ლიცენზია და წელიწადში მოუწევს 1 მილიონი ლარის გადახდა სანებართვო მოსაკრებლის სახით. გარდა ამისა, განთავსებულ ყოველ სათამაშო აპარატზე კვარტარულად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს, რომელიც თბილისში არის 4000 ლარი თითო აპარატზე. როდესაც ამ მოცულობის თანხაა გადასახდელი აპარატზე, ბიზნესს ერჩივნა, რომ ჯარიმა გადაეხადა 1 000 ლარის ოდენობით და უფრო მეტი აპარატი განეთავსებინა ობიექტზე, ვიდრე ამას ნებართვა ითვალისწინებს. მთელი ამ ცვლილებების მიზანია, ბიზნესმა სანებართვო პირობები კეთილსინდისიერად შეასრულოს და ჩვენც შესაბამისად ზედამხედველობა განვახორციელოთ“.- განაცხადა ლაშა პიტნავამ.