აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 55 მილიონზე მეტ უცხოელი, რომლებსაც მოქმედი ვიზა აქვთ, შესაძლო დარღვევებზე შემოწმდებიან,- ამის შესახებ უწყებამ Associated Press-ის შეკითხვის პასუხად გაავრცელა ინფორმაცია.
ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეძებს ისეთ ნიშნებს, რომლებიც აშშ-ის ვიზის მიღების მოთხოვნებთან შეუთავსებლობაზე მიუთითებს.
სიის ფარგლებში მოწმდება: ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის გადაცილება, კრიმინალური საქმიანობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნა, ნებისმიერი ფორმით ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა ან ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას შემოწმების პროცესში, მათ შორის სამართალდამცავი და იმიგრაციის ორგანოების ჩანაწერებს, ან სხვა ინფორმაციას, რომელიც ვიზის გაცემის შემდეგ გამოჩნდება და მიუთითებს შესაძლო შეუსაბამობაზე დოკუმენტის მოთხოვნებთან,“ - განაცხადეს უწყებაში.
განსაკუთრებით, შემოწმებები მოიცავს ვიზის მფლობელთა ყველა სოციალური ქსელის ანგარიშის გადახედვას.
თუ აღმოჩნდება უარყოფითი ინფორმაცია, ვიზა გაუქმდება და მისი მფლობელი დეპორტირდება.
ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ უკვე გაუქმებულია 6000-ზე მეტი სტუდენტური ვიზა ქვეყანაში ყოფნის ვადის გადაცილების და ადგილობრივი, შტატური და ფედერალური კანონმდებლობის დარღვევის გამო.
აღინიშნება, რომ დარღვევების უმეტესობა დაკავშირებულია თავდასხმებთან, სატრანსპორტო საშუალების მართვასთან ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და ტერორიზმის მხარდაჭერასთან.