საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 241 ათას 272 ევროდ ამერიკული კომპანიისგან გეგმავს ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე 5 და ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე წინასწარ გაწვრთნილი 10 ძაღლის, ასევე მათი აღჭურვილობის შეძენას. ამ თანხაში შედის ასევე ამავე კომპანიის მიერ შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის კინოლოგის 10-დღიანი სასწავლო კურსის ჩატარება.
ძაღლებს და შესაბამის მომსახურებას შსს ტენდერის გარეშე შეისყიდის. ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი თია მელაძე შს მინისტრის მოადგილეს მარიამ ტაბატაძეს 2025 წლის 16 სექტემბრის პატაკში წერს, რომ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა მსახურების ძაღლების ამერიკული კომპანიისგან [K9 Working Dogs International K9WDI] შეძენა, რომელსაც გააჩნია საპოლიციო და სამხედრო სამომსახურეო ძაღლების მომზადების გამოცდილება 32-ზე მეტი ქვეყნის შესაბამისი სამსახურებისათვის.
კომპანია ასევე ლიცენზირებულია, როგორც ფედერალური კინოლოგიური სასწავლო ცენტრი და ფლობს უსაფრთხოების, პოლიციისა და სამხედრო სამსახურებრივი ძაღლების, ასევე კინოლოგთა მომზადების სასერტიფიკატო კურსებს.
მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 10 ძაღლი სრულად იქნება გაწვრთნილი შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ნარკოტიკულ საშუალებებზე. ასევე ადამიანის სუნის კვალზე გაწვრთნილი 5 ძაღლი შეძლებს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებას ან დაკარგული პირის ძებნას.
კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ასევე მათი იმპორტირებისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება და აუცილებელი დოკუმენტაცია ასევე ყველა ძაღლი იქნება შესაბამისი წესით ჩიპირებული.
აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივი ძაღლების შეძენასთან დაკავშირებული შემოთავაზება, ამავდროულად ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების 45-მდე კინოლოგის გადასამზადებელ სასერტიფიკატო თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.
მხარეთა შორის შეჯერებული ხელშეკრულების პროექტის თანახმად, რომლის ღირებულება შეადგენს 241 271.40 ევროს, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს სამსახურებრივი ძაღლების და შესაბამისი აღჭურვილობის სრულად საქართველოში ტრანსპორტირება, ავანსის ჩარიცხვიდან არაუმეტეს 60 დღის ვადაში.“
პატაკში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკული კომპანია ვერ ახერხებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენას, „ვინაიდან მისი განცხადებით მსგავსი ტიპის საბანკო პროდუქტი ამერიკულ ბანკებს არ გააჩნიათ“.
„ვინაიდან მიმწოდებელი მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა შს სამინისტროსთან და დათანხმდა ჩვენს მიერ წაყენებულ თითქმის ყველა მოთხოვნას, ამასთან აღნიშნული კომპანიის საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის და მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, წინამდებარე შესყიდვაზე არ გავრცელდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის ვალდებულება“, – წერია პატაკში.
შსს შესყიდვების პორტალზე თავის განაცხადში დამატებით წერს, რომ „სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის მიერ ნაპოვნი მტკიცებულება ხშირად გამოიყენება სასამართლოში და აღიარებულია, როგორც სანდო მტკიცებულება. გაწვრთნილი ძაღლები მუშაობენ სწრაფად და ეფექტურად, მათი ყნოსვა წარმოადგენს შეუდარებელ ბიოლოგიურ სუნის დეტექტორს და დადგენილია, რომ ძაღლის ყნოსვა თითქმის 800 000-ჯერ აღემატება ადამიანისას.“
რაც შეეხება მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვას, შსს აცხადებს, რომ „უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სამინისტრო დადგა ახალი გამოწვევების წინაშე, მათ შორის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების შემოსვლა და ქვეყნის შიგნით მისი გავრცელება.
აღნიშნულ გამოწვევებს შს სამინისტრო მაქსიმალურად უმკლავდება არსებული ძალებით, თუმცა გაზრდილი მასშტაბებიდან გამომდინარე აუცილებელია შს სამინისტროს მიერ დროულად იქნას გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები.
მოცემულ ეტაპზე დაგეგმილია სწორედ იმ ძაღლების შესყიდვა, რომლებიც გაწვრთნილები არიან წინასწარ თანამედროვე მეთოდებით და აქვთ სიახლეებთან ადაპტაციის უკეთესი უნარები.“
„პირველ რიგში როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია არსებულ გამოწვევებთან დროულად მოხდეს გამკლავება, შესაბამისად გადამწყვეტი ფაქტორი ენიჭება დროს, სატენდერო პროცედურების განხორციელებას [ტენდერის გამოცხადება, წინადადებების შერჩევა-შეფასება, გამარჯვებულის გამოვლენა, ხელშეკრულების გაფორმება] შესაძლებელია დასჭირდეს რამდენიმე თვიანი პროცედურა. ხოლო არსებული ძაღლების სამუშაო პროცესში ჩართვა, დანაშაულთან ბრძოლის გაზრდილი მასშტაბების გათვალისწინებით, საჭიროა დროის უმოკლეს პერიოდში.“ – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.
სააგენტოში შსს-ს განაცხადის განხილვის საბოლოო თარიღი შესყიდვების პორტალზე ჯერ მითითებული არ არის.