აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა სამხრეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა რუსეთის მხრიდან შესაძლო დრონებით თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს. ესპანური გამოცემა El Mundo-ს ინფორმაციით, გაფრთხილება ესპანეთს, საფრანგეთსა და იტალიას ეხება.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში განხილულია სცენარი, რომლის მიხედვითაც რუსეთმა შესაძლოა მცირე ზომის „გერბერას“ ტიპის დრონები კომერციული გემებიდან გაუშვას. ანგარიშის თანახმად, ასეთ უპილოტო აპარატებს დაახლოებით 600 კილომეტრის ფრენა და საათში 160 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარება შეუძლიათ.
El Mundo-ს ცნობით, დრონების გამოყენების შესაძლო მიზანი მასშტაბური თავდასხმა კი არა, არამედ ინფრასტრუქტურის მუშაობის დროებით შეფერხება, ხანძრის გამოწვევა ან ევროპაში რუსეთის შესაძლებლობების დემონსტრირება შეიძლება იყოს.
გაფრთხილება, სავარაუდოდ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, აგვისტოში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მომზადებულ ინფორმაციას ეფუძნება. გამოცემას წყაროები ასევე ეუბნებიან, რომ რუსეთს უკვე აქვს დრონების საზღვაო პლატფორმებიდან გაშვების პრაქტიკა.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ესპანეთზეა გამახვილებული. ბრიტანელი ექსპერტი რუსულ სამხედრო სტრატეგიაში კეირ ჯაილსი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა შესაძლოა ევროპის „ყველაზე სუსტი რგოლის“ მოძებნა სცადოს. ერთ-ერთ რისკად კი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები სახელდება.
ამასთან, ესპანეთს, საფრანგეთსა და იტალიას 2027 წელს არჩევნები ელოდებათ. El Mundo-ს წყაროების შეფასებით, შესაძლო დაბალბიუჯეტიანი თავდასხმა, რომელსაც დიდი მედია-რეზონანსი ექნება, შესაძლოა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაძაბულობის გასაძლიერებლად გამოიყენონ.
გაფრთხილება ესპანეთში თავდაცვის ხარჯების ზრდის შესახებ დებატების ფონზე გავრცელდა. პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესის მთავრობა ნატოს მიერ განსაზღვრული თავდაცვის ხარჯების ახალი მიზნობრივი მაჩვენებლის მიმართ წინააღმდეგობას გამოხატავს, რამაც ვაშინგტონთან ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია.
El Mundo-ს მიერ აღწერილი შესაძლო სცენარი სადაზვერვო შეფასებას წარმოადგენს და არა დადასტურებულ ინფორმაციას რუსეთის მიერ თავდასხმის დაგეგმვის შესახებ.
წყარო:euronews.com