ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას  „შენი საგადასახადო მრჩეველი“.
„შენი საგადასახადო მრჩეველი“ -  „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
24 მაისის  გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა, საგადასახადო შემოწმების თემას მიეძღვნა.

როდის ინიშნება საგადასახადო შემოწმება და რა სახის შეიძლება იყოს ის

პირის საგადასახადო შემოწმება ინიშნება გეგმურად ან მის მიერ გადასახადების დამალვის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში.

საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

კამერალური საგადასახადო შემოწმება ინიშნება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე. იგი შეიძლება მოიცავდეს მთლიან პერიოდს ან გარკვეულ საკითხს და მიმდინარეობს პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად. შემოწმების დროს აუდიტორი იყენებს მისთვის ხელმისაწვდომ დოკუმენტებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

გასვლითი საგადასახადო შემოწმება შემდეგი თანმიმდევრობით ხორციელდება: გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება. შემოწმება უნდა დაიწყოს შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. გასვლითი საგადასახადო შემოწმებით შესაძლებელია საქმიანობის სრული ან თემატური შემოწმება და იგი ძირითადად მიმდინარეობს გადასახადის გადამხდელის ოფისში. აუდიტის პროცესში პირი ვალდებულია შემმოწმებლებს შეუქმნას ისეთივე სამუშაო პირობები, როგორიც, მასთან ჩვეულებრივ, არსებობს. გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს ნებართვით.

„გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძის თქმით, ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რაც იმას ნიშნავს რომ შემოსავლების სამსახურს შეუძლია შეამოწმოს პირის გასული 3 წლის დეკლარაციები. გამონაკლისების გარდა, ამაზე ძველი მონაცემები არ ექვემდებარება შემოწმებას. მაგალითად, თუ შემოსავლების სამსახურმა შემოწმების შეტყობინება გამოაგზავნა 2023 წლის მაისში, მას უფლება აქვს შეამოწმოს 2020, 2021  2022 და 2023 წლის მაისამდე  საანგარიშო პერიოდი.

„საგადასახადო შემოწმების ვადა, უმეტეს შემთხვევაში, არის 3 თვე, რაც ნიშნავს, რომ შემმოწმებელმა ამ დროის ფარგლებში უნდა დაასრულოს საგადასახადო შემოწმება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით საგადასახადო შემოწმების ვადა შესაძლებელია გაიზარდოს.

საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტორები ითხოვენ საბანკო ამონაწერებს, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამას, გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ახსნა-განმარტებებსა და შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს გადასახადის გადამხდელთან ელექტრონული ან ნატურალური ფორმით. აღნიშნული მასალების არ ქონის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს სხვა გზა არ რჩება, ვიდრე გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი და განსაზღვროს პირის ვალდებულებები არაპირდაპირი გზით, რაც უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ უსიამოვნოდ სრულდება. შესაბამისად აუცილებელია, რომ გადასახადის გადამხდელმა აწარმოოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწორი აღრიცხვა და მათი შენახვა შესაბამის ხანდაზმულ პერიოდზე,“- აღნიშნა დავით ღავთაძემ.

როგორც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსმა საგადასახადო კონსულტანტმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, შემოწმების პროცესში აქტიური ჩართულობა. იმისათვის, რომ საგადასახადო შემოწმებამ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაიაროს და საკამათო საკითხებში გადამხდელმა მტკიცედ დაიცვას პოზიციები უმჯობესია მისი მხრიდან პროცესში ჩაერთოს საგადასახადო საკითხებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი. საგადასახადო სპეციალისტის მონაწილეობა შეამცირებს, როგორც შემოწმების მიმდინარეობის დროს, ასევე დამატებითი სანქციების დაკისრების რისკს.

რა ინფორმაციას მოიცავს აქტი, რომელიც საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება და როდის შეიძლება მისი გასაჩივრება

საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სანქციების დარიცხვაზე ან არდარიცხვაზე. საგადასახადო აქტის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

  • პირველ რიგში შემოსავლების სამსახურში
  • შემდგომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში
  • საბოლოოდ სასამართლოში

თუ პირი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტს მან ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოს საჩივარი შემოსავლების სამსახურში. პირველი ინსტანციის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მას ეძლევა 20 კალენდარული დღე საჩივრის ფინანსთა სამინისტროში წარდგენისათვის. მკაცრად რეკომენდებულია, რომ გადასახადის გადამხდელმა არ დაარღვიოს საჩივრის წარდგენის ვადები. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი არ განიხილება. ამასთან რეკომენდირებულია, რომ საჩივარი იყოს შედგენილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ პირი საგადასახადო აქტის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში გადაიხდის მასზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულების ძირითად თანხასა და ჯარიმის ნახევარს და უარს განაცხადებს საგადასახადო აქტის გასაჩივრებაზე, მას ავტომატურად შეუმცირდება დაკისრებული ჯარიმის მეორე ნახევარი. თუ პირი საგადასახადო აქტის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში არ წარადგენს საჩივარს და არც დაკისრებულ თანხებს გადაიხდის, ამოქმედდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომელიც შეიძლება იყოს საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა და ა.შ.

იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადის ძირითადი ნაწილი 100 000 ლარს გადააჭარბებს და პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის შესაბამის სანქციებს, ამოქმედდება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ნორმები, რაც შესაძლოა პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის თავისუფლების აღკვეთითაც დასრულდეს.

საგადასახადო აქტის გამოცემის შემდგომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურთან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმება და დროში გადაავადოს ან შეამციროს საგადასახადო დავალიანება.