„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
8 ნოემბრის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის კარის მიმოხილვას, კერძოდ კი დღგ-სგან გათავისუფლების თემას მიეძღვნა.
რა შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლდეს დასაბეგრი ოპერაციები დღგ-სგან
დასაბეგრი ოპერაციები შესაძლოა გათავისუფლდეს დღგ-სგან, როგორც ჩათვლის უფლებით, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე.
ვიდრე აღნიშნულ ოპერაციებზე გადავიდოდეთ მოკლედ განვიხილოთ დღგ-ს ჩათვლა:
დამატებული ღრებულების გადასახადის ჩათვლისათვის აუცილებელია, რომ დასაბეგრი პირი რეგისტრირებული იყოს დღგ-ს გადამხდელად. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
მაგალითად: თუ კომპანია წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ავეჯის წარმოება და რეალიზაცია, მას შეუძლია გაყიდული ავეჯის შესაბამისად გადასახდელი დღგ-ს თანხა შეიმციროს მასალის და დანადგარების შეძენისას, კომუნალური და სხვა ხარჯების გაწევისას გადახდილი დღგ-ს თანხით (ანუ ჩაითვალოს ხარჯვისას გადახდილი დღგ).
განვიხილოთ დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაციები:
თუ დასაბეგრი ოპერაცია დღგ-სგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ოპერაციების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელი დღგ-ს არ გადაიხდის, თუმცა ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევისას გადახდილ დღგ-საც ვერ ჩაითვლის.
თუ დასაბეგრი ოპერაცია დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, ეს ნიშნავს, რომ ოპერაციების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელი დღგ-ს არ გადაიხდის და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევისას გადახდილ დღგ ჩაითვლის.
მაგალითად: საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით სამედიცინო მომსახურების გაწევა იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო ან/და პარასამედიცინო საქმიანობის უფლება, დღგ-სგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულება პაციენტისთვის აღნიშნული მომსახურების გაწევას არ დაბეგრავს დღგ-ით, თუმცა ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევისას გადახდილ დღგ-საც ვერ ჩაითვლის. სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯი შეიძლება იყოს სამედიცინო ინსტრუმენტებისა და დანადგარების შეძენა, კლინიკის კომუნალური ხარჯები, კლინიკის რემონტი და ა.შ. შესაბამისად, მსგავსი ხარჯების გაწევისას მომწოდებლისათვის გადახდილ დღგ-ს სამედიცინო დაწესებულება ვერ დაიბრუნებს.
ერთობლივად დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ცალკე ოპერაციებად, გარდა ძირითად ოპერაციასთან ერთად მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს ოპერაციებს, რომლებიც დღგ-სგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით ან ამ უფლების გარეშე. მაგალითად 170-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალური სფეროები დღგ-სგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე. ხოლო 171 მუხლი განსაზღვრავს ცალკეულ ოპერაციებს (მაგალითად: ფინანსური ოპერაციები, მიწის ნაკვეთის მიწოდება და ა.შ), რომლებიც ასევე ჩათვლის უფლების გარეშეა დღგ-სგან გათავისუფლებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლი კი განმარტავს ისეთ ოპერაციებს, რომლებიც დღგ-სგან ჩათვლის უფლებითაა გათავისუფლებული (მაგალითად: საქონლის ექსპორტი, საერთაშორისო გადაზიდვა და ა.შ.).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლი კი განსაზღვრავს ისეთ საქონელს, რომლის იმპორტიც გათავისუფლებულია დღგ-სგან (მაგალითად: მსუბუქი ავტომობილები, სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონელი და ა.შ). შესაბამისად აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი საქონლის იმპორტისას გადასახადის გადამხდელი დღგ-ს არ გადაიხდის.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისას ან სამომავლო სტრატეგიების შემუშავებისას, გადასახადის გადამხდელი გაეცნოს დამატებული ღირებულების გადასახადის აღნიშნულ მუხლებს ან მიმართოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საგადასახადო კონსულტანტებს. ამით მინიმუმამდე შემცირდება განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო მიდგომების ბუნდოვანება და გაქარწყლდება დამატებითი რისკ-ფაქტორები.