„რესპუბლიკელი“ სენატორი, მარკუეინ მალინი „MEGOBARI აქტის“ მიღებას აფერხებს, - ამის შესახებ სტატიას The Hill-ი აქვეყნებს.

გამოცემა აშშ-ის კონგრესის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასული თვის ბოლოს, სენატორმა მარკუეინ მალინმა („რესპუბლიკური პარტია“) მოახერხა და სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ ტუნი დაარწმუნა, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პაკეტიდან „MEGOBARI აქტი“ ამოეღო. ასევე, მალინმა კანონპროექტის მიღების დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნა წლის დასაწყისშიც დაბლოკა.

The Hill-ის ცნობით, კანონპროექტს სენატორი რენდ პოლიც („რესპუბლიკური პარტია“) ეწინააღმდეგება.

„ამ კანონპროექტს ძალიან ბევრი სენატორი უჭერს მხარს. NDAA-ში თითქმის შეტანილი იყო, წარმომადგენელთა პალატამაც მიიღო და კომიტეტმაც დაამტკიცა. ასე რომ, ის ფაქტი, რომ ერთ სენატორს შეუძლია მისი დაბლოკვა, ნამდვილად იმედგამაცრუებელია“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

The Hill-ი წერს, რომ მალინის პოზიცია გაკვირვებას იწვევს, რადგან განსხვავდება მისი ხუთი წლის წინანდელი პოზიციებისგან, როდესაც „2020 წელს მან „ქართული ოცნება“ ამერიკის მეტოქეებთან და მტრებთან დაახლოებისთვის გააკრიტიკა“.

მალინმა გამოცემასთან ინტერვიუში მისი „MEGOBARI აქტის“ წინააღმდეგობის მიზეზად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან „უკეთესი ურთიერთობა“ დაასახელა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი აშშ-სა და საქართველოს შორის კავშირებს დააზიანებს.

„მესმის, ისინი [„ქართული ოცნება“] რის მიღწევას ცდილობენ. ასევე, მესმის რა პირდაპირი გავლენა აქვს რუსეთს და რომ, მთავრობის შიგნით ზიზღს აღვივებს. მსურს მათთან ვიმუშაო, სანამ სანქციებს დავუწესებთ. მსურს მათთან ვიმუშაო და ვნახო, თუ როგორ შეიძლება ნამდვილი სუვერენიტეტი ჰქონდეთ და რუსეთის მეტისმეტად მძიმე გავლენას თავი დააღწიონ“, - განაცხადა სენატორმა მალინმა.

The Hill-ი იხსენებს, რომ მალინმა 2020 წელს სტატია გამოაქვეყნა, სადაც „საქართველოში გამოწვევების წინაშე მდგომი ორი ამერიკული კომპანიის შესახებ საუბრობდა“.

„მალინი საუბრობდა „კონტი ჯგუფის“ შესახებ, რომელმაც 2019 წელს შავი ზღვის პორტის 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია გააუქმა, რადგან მთავრობისგან ნებართვა ვერ მიიღო. ასევე, შეშფოთებას გამოხატავდა ტეხასური ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერას“ შესახებ, რომ იგი დამაბრკოლებელი რეგულაციების სამიზნე იყო. ქვეყანაში „ფრონტერას“ საქმიანობა ზეწოლის კამპანიის შედეგად გაუმჯობესდა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიის კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა“, - წერს გამოცემა.

მალინმა The Hill-ს განუცხადა, რომ „MEGOBARI აქტის“-ის მიმართ მისი წინააღმდეგობა „ფრონტერასა“ და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებით არ არის გამოწვეული და 18-24 თვეა კომპანიასთან კონტაქტი არ ჰქონია.

The Hill-ის ცნობით, კომპანიის დამფუძნებელმა, სტივ ნიკანდროსმა, 2020 წლიდან დღემდე, მალინის საარჩევნო კამპანიებს 6000 დოლარამდე შესწირა.

„არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი კომპანიაა. თუ იქ ინვესტიციებს ჩავდებთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ამერიკული ინვესტიციები დაცული იქნება და პროექტები ბოლომდე განხორციელდება ჩამორთმევის გარეშე. ვფიქრობ, უკვე ამ ეტაპზე ვართ, თუმცა შიდა სამთავრობო პოლიტიკა საფრთხეებთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნა მალინმა.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიმართ მალინის ოპტიმიზმი კონგრესის წარმომადგენლებს შორის გაუგებრობას იწვევს.

„ის, რომ სენატორი საქართველოში პრო-ჩინური მთავრობის დასაცავად აქამდე მიდის, ნამდვილად გაუგებარია. ეს არის რეჟიმი, რომელიც ჩინეთსა და ირანს მუდმივად იცავს და დღეს პრეზიდენტს ტრამპსაც კი მიაყენა შეურაცხყოფა“, - განაცხადა The Hill-თან ერთ-ერთი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის თანაშემწემ.

ამასთან, მალინის განცხადებით, მას საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების სისწორის შეფასება არ შეუძლია, რადგან „იქ არ ყოფილა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები შეამოწმოს“.

„ვიცი, რომ იქ დამკვირვებლები გვყავდა, მაგრამ შეიძლება ძველმოდური ვარ და პირადად ნახვა მირჩევნია. საქმე ნდობას არ ეხება, მე უბრალოდ გადამოწმება მირჩევნია“, - აღნიშნა მალინმა.

სენატორი მალინის ცნობით, საქართველოში ბოლოს 2021 წელს იმყოფებოდა და ვიზიტს კვლავ გეგმავს, თუმცა არ შესაძლო თარიღი არ დაასახელა.

„უბრალოდ ვამბობ, დავრწმუნდეთ, რომ კავშირები გვაქვს. ბოლოს როდის ვიყავით იქ? ბოლოს როდის ვესაუბრეთ მათ? როდის შედგა ჩვენთან მათი დიპლომატიური ვიზიტი, რათა გაგვეგო, თუ რის გაკეთებას აპირებენ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქტის [„MEGOBARI აქტი“] მიღება სურთ?“, - განაცხადა მალინმა.

სენატორმა როჯერ უიკერმა („რესპუბლიკური პარტია“) გამოცემა The Hill-ს განუცხადა, რომ „MEGOBARI აქტი“, NDAA-ის შესაძლოა შესწორების სახით დაემატოს.

ასევე, სენატორმა ჯინ შაჰინმა („დემოკრატიული პარტია“) აღნიშნა, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და სენატში მის მისაღებად „რესპუბლიკელებთან“ ერთად მუშაობას გააგრძელებს.

nterpressnews.ge