ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ძალიან მრავლად“ ნახა საპროტესტო დემონსტრაციებზე, - რომლებსაც ის „ანტისახელმწიფოებრივს“ უწოდებს, - „შენიღბული ენჯეოშნიკები“.

ასე პასუხობს ის რადიო თავისუფლების კითხვას, როგორ წარმოუდგენია 7000 თუ 10000 ლარად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.

„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, სწორედ იმიტომ არიან გაუმჭივრვალენი, რომ არ ემსახურებიან ეროვნულ ინტერესებს, ისინი ემსახურებიან უცხო ხელისუფლებების და ხანდახან სპეცსამსახურების ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 6 სექტემბერს, ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციაში.

  • 28 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელთა გამოც სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები.
  • ჩამონათვალში მოხვდა პირბადეები, რესპირატორები და ის აუცილებელი სამედიცინო საშუალებები, რომლებიც ცრემლმდენი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევაშია საჭირო.

რადიო თავისუფლებამ დღეს კობახიძეს ჩამოუთვალა ეს საგნები და მათში დახარჯული თანხა და ჰკითხა:

„რადგანაც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩართვაში ადანაშაულებთ, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენ პირბადეზეა საუბარი, რამდენ აირწინაღზე? რამდენად შესაძლებელია, როგორ წარმოგიდგენიათ, 7 000 ან 10 000 ლარად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა“?

„ამაზე გამოძიება გაგცემთ პასუხს... რაოდენობებისგან დამოუკიდებლად მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ: მე ძალიან მრავლად ვნახე იმ ანტისახელმწიფოებრივ აქციებზე შენიღბული ენჯეოშნიკები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„კარგია, რომ ქალებზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე კაცებზე. არ ვიცი, მათი შეფასებით ასეთი რაღაც სექსიზმია“, - თქვა კობახიძემ, როდესაც რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა თქვა, რომ ჩამოთვლილი ნივთები ქალი თანამშრომლების დასაცავად შეიძინეს.

ბინტი, სპირტი, საწვიმრები, პირბადეები, რესპირატორები - რის გამო დააყადაღეს არასამთავრობოების ანგარიშები

„იმედის“ ცნობით, ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დაყადაღდა, რადგან მათ გარკვეული სახის ნივთები შეისყიდეს. მათ შორის:

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“:

  • 8 ნიღაბი - 100 ლარი;
  • 5 დამცავი სათვალე - 174 ლარი;
  • 12 წყალგაუმტარი ქურთუკი - 1440 ლარი;
  • 4 ნიღაბი - 40 ლარი;
  • 4 მთლიანი ნიღაბი - 52 ლარი;

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“:

  • 35 ბინტი - 18,55 ლარი;
  • 35 ეთანოლსეპტი (სადეზინფექციო ხსნარი) - 12,95 ლარი;
  • 35 ლეიკოპლ getwell-ი (ე.წ. სანტავიკი)
  • 100 ნიღაბი (KN 95) - 224 ლარი;
  • 22 რესპირატორი - 254,1 ლარი;
  • 15 რესპირატორი - 109,5 ლარი;
  • 2 აეროზოლი - 22,8 ლარი;
  • 10 დამცავი კეპი - 149 ლარი;
  • 4 სათვალე - 58,4 ლარი;
  • 16 სათვალე - 246,4 ლარი;
  • 35 წიწაკის სპრეი - 875 ლარი.

სიუჟეტის ავტორმა, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა 27 აგვისტოს ეთერში გასულ სიუჟეტში თქვა, რომ პირბადეები შეიძინეს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა“, „დემოკრატიის მცველებმა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმაც“.

„საბოტაჟის საქმეს კერავენ და სპირტის და ბინტის გარდა, ვერაფერი ნახეს, იმიტომ რომ არ არის. აირწინაღი, სპირტი და ბინტიც ველზე უსაფრთხო მუშაობისთვისაა საჭირო და ამას თანამშრომელთა შრომითი უსაფრთხოების დაცვა ქვია და არა საბოტაჟი“, - თქვა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

ყადაღა

27 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. ეს ორგანიზაციებია:

  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
  • „დემოკრატიის მცველები“;
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
  • „საფარი“;
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).

პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან, „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.

radiotavisupleba.ge