ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მოლოდინია, რომ ლარის კურსი გამყარდება და შესაძლოა, ახალი წონასწორული ნიშნული იპოვოს. ეკონომისტები ასეთ გარემოებას არ გამორიცხავენ და თავად ეროვნულ ბანკშიც მიანიშნებენ, რომ ლარი გამყარდება. 

2025 წელს ეროვნული ვალუტა ნელი ტემპით მყარდება. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცახდა, სავალუტო ბაზარი სტაბილურია, ლარი ტრადიციულად, როგორც ზაფხულში ახასიათებს, მყარდება.

"საინვესტიციო ფონდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, როდესაც ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება იქნება. ძირითადად ეს არის პორტფელური ინვესტიციები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტიურობენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ მეტი სავალუტო შემოდინება იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით რამდენად არის ამ კუთხით გაუმჯობესებული ვითარება.

სტაბილურია ჩვენი სავალუტო ბაზარი, ლარი ტრადიციულად, როგორც ზაფხულში ახასიათებს, მყარდება და ერთ-ერთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ინვესტიციებია. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, მიუხედავად სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და სხვა ფაქტორებისა საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია.

მარტის ბოლო მონაცემი გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ მშპ 9%-ით გაზრდილია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი წლევანდელი პროგნოზი გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მანამდე ვარაუდობდით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ინფლაცია კვლავაც არის მიზნობრივის ირგვლივ, ანუ არ არის მაღალი. წინა წელს საშუალო ინფლაცია იყო 1,1%, წელს არის მიახლოებული მიზნობრივთან და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური", - განაცხადა თურნავამ.

ეროვნულმა ბანკმა მარტში სავალუტო რეზერვები 101.7 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების 4.31 მილიარდი დოლარი გახდა. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, აპრილში მისი მოცულობა ბევრად მეტი იქნება.

"სებ-ის პრიორიტეტი არის რეზერვების აკუმულირება და ჩვენი ეკონომიკა ამის საშუალებას იძლევა. ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენცია ბაზარზე ძლიერ სავალუტო შემოდინებას ემყარება. ტურისტული სეზონი იწყება და ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაგრძელდება და ესაა ჩვენთვის საშუალება, რომ მეტი ვალუტა შევისყიდოთ, შევავსოთ და შევინახოთ იმ დრომდე, ვიდრე ბაზრისთვის მიწოდება გახდება საჭირო. მარტის მონაცემები გამოვაქვეყნეთ და 102 მილიონ დოლარამდეა შეძენილი, მაგრამ მინდა გავამხილო, რომ აპრილის მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდება მაისის ბოლოს, გაცილებით შთამბეჭდავი იქნება. უფრო მეტი დოლარის აკუმულირება შევძელით აპრილში", - განაცხადა თურნავამ.

სებ-ის პოზიციას იზიარებენ ეკონომისტები და მიიჩნევენ, რომ აპრილში ბევრად მეტი რეზერვის შესყიდვა მოხერხდა. "თიბისი ჯგუფის” მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ მომვალ თვეებში უფრო მეტად რეზერვების შევსებაზე გაკეთდება აქცენტი, ვიდრე ლარის მკვეთრ გამყარებაზე.

"ჩვენი შეფასებით, როგორც ეს "თიბისი კაპიტალის” პუბლიკაციაში არის მოცემული, წმინდა სავალუტო შემოდინება გაუმჯობესებულია. როგორც ვიცით, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებზე, დოლარი დასუსტდა, რაც ხელს უწყობს ლარს გამყარებაში, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე პერიოდში ასეა. მესამე მნიშვნელოვანი გარემოება არის შემდეგი - საკმაოდ მსხვილი თანხა, რაც შარშან გადახურდავდა იმის გამო, რომ გაუფასურების მოლოდინი იყო და რაც ეროვნულმა ბანკმა დააბალანსა, თავისი ინტერვენციებით, იმავე მასშტაბით არა, მაგრამ უკან ლარში კონვერტირდება. ამ ფაქტორების ერთობლიობა თავისთავად სებ-ს აძლევს იმის საშუალებს, რომ შეავსოს სავალუტო რეზერვები.

თითქმის 102 მილიონი დოლარი შეისყიდა ეროვნულმა ბანკმა მარტში. ჯერ არ არის გამოქვეყნებული და ზუსტად თქმა რთულია, მაგრამ, წინასწარი მონაცემებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრად მეტი იქნება აპრილში და შესაძლოა, 200 მილიონი დოლარი ან უფრო მეტიც კი იყოს. 

ჩვენი შეფასებით, მიმდინარე პერიოდში, ჭარბი სავალუტო შემოდინება სავალუტო ბირჟაზე გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად მოხდება სავალუტო რეზერვების შევსება, ვიდრე ლარის მკვეთრი გამყარება. რა თქმა უნდა, შეიძლება დოლარი კიდევ მეტად დასუსტდეს საერთაშორისო ბაზრებზე, რაც გამორიცხული არასოდეს არ არის.

ყველა ელოდება, რომ ზაფხულში ლარი გამყარდება და ზამთარში გაუფასურდება. ადრე უფრო იყო ასეთი ტენდენცია, თუნდაც იმიტომ, რომ სავალუტო შემოდინების კუთხით ზაფხული უფრო კარგი პერიოდია, მაგალითად, ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ბაზრის მონაწილეთა ქცევა. ასეთი შედარებაა - თუ არჩევნების შემდეგ ელოდებოდნენ კურსის გაუფასურებას, მანამდე მოხდა კონვერტაცია და შესაბამისად, თუ ახლა არის მოლოდინი, რომ ლარი ზაფხულში გამყარდება, ჩვენ ამ წნეხს ზაფხულამდე ვიხილავთ. იმას რასაც ყველა ამბობს, ის უფრო მეტად ასახულია კურსში და ეს არის რაც უნდა გავითვალისწინოთ”, - ამბობს ოთარ ნადარაია.

ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის და გამყარების არანაირი შემაფერხებელი დაბრკოლება არ არსებობს. პიქირით, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში უცხოური ვალუტის მასა გაიზრდება, რაც საბანკო სფეროს სპეციალისტის, პროფესორ ლია ელიავას განცახდებით, ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს.

"ზაფხულის სეზონი ტრადიციულად დაკავშირებულია დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის ხარჯვასთან, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოელების მიერ. როდესაც ტურისტები ჩამოდიან საქართველოში, მათ შემოაქვთ უცხოური ვალუტა და ამიტომ, ბუნებრივია, ვალუტის მასის ზრდა ხელს უწყობს ლარის გამყარებას. შესაბამისად, ეროვნული ბანკის პროგნოზი, ამ შემთხვევაში, გამართლებულია.

რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, ეროვნული ბანკი ამას სისტემატურად ახორციელებს, როდესაც კომერციულ ბანკებს გააჩნიათ უცხოური ვალუტის სიჭარბე და აქვთ მოთხოვნა ლარზე, ისინი სებ-ისგან ყიდულობენ ლარს და შესაბამისად, ეროვნული ბანკი აგროვებს უცხოურ ვალუტას და ამით ზრდის რეზერვს. K

კრიზისულ სიტუაციაში არაერთხელ გავმხდარვართ იმის მოწმე, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აწვდის დამატებით უცხოურ ვალუტას, იმისათვის, რომ ლარის მკვეთრად არ გაუფასურდეს", - განაცხადა ლია ელიავამ.

წყარო: "რეზონანსი"