„შემდეგი 1-დან 2 წლამდე პერიოდში, რომელი ბანკიც გამოაცხადებს, რომ კრიპტოთი კონვერტაციას ამატებს, ზუსტად იმ ბანკის დირექტივაა ეს კანონპროექტი,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, „კრიპტო ბაზრის" დირექტორმა ავთანდილ კუჭავამ განაცხადა.
ცნობისთვის, საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრულ ვალუტებზე საზედამხედველო უფლებამოსილება ეზრდება. კერძოდ, დაგეგმილი ცვლილებებით, ვირტუალური მომსახურების პროვაიდერი სრულად მოექცევა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ.
„ბაზარზე ამჟამად 27 მოთამაშეა, დავიმახსოვროთ ეს მონაცემი და ვნახოთ, რამდენი დარჩება შემდეგი 2 წლის მანძილზე. უკვე ვიცი, რა იქნება კომერციული ბანკების, მარეგულირებლის და მთავრობის მესიჯბოქსი, რომ მათ ბიზნესსაქმიანობაში ვერ „გაქაჩეს“ და გაკოტრდნენ, რაც იქნება ტყუილი, რადგან ეს 27 VASP არის მზარდი რეგისტრაციებით.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც კრიპტოვალუტების რეგულაციები შემოიღეს, იმ კანონპროექტის რამდენიმე ინიციატორი, კანონის მიღებიდან მოკლე ვადაში კომერციულ ბანკებში გადავიდნენ სხვადასხვა პოზიციებზე. ამის შემდეგ მალევე ყველა კრიპტომოთამაშისთვის დიდი პრობლემების შექმნა დაიწყო.
როდესაც მათ დაინახეს, რომ VASP-ებმა ბაზრების მოცულობის დიდი რაოდენობა წაიღეს და ფულის კეთება სხვა ეკონომიკამაც დაიწყო, სწორედ ამ დროს შემოდის კიდევ ახალი რეგულაცია VASP-ების მისამართით. შემდეგი 1-დან 2 წლამდე პერიოდში, რომელი ბანკიც გამოაცხადებს, რომ კრიპტოთი კონვერტაციას ამატებს, ზუსტად იმ ბანკის დირექტივაა ეს კანონპროექტი. ასევე ბანკებმა მოითხოვეს, ჩაწერილიყო ერთი მცირე წინადადება ამ რეგულაციაში, რომ კრიპტოში სესხის გაცემა აკრძალულია. ამით რეალურად უბრალოდ სესხის გაცემა კი არ აკრძალეს, აკრძალეს უამრავი სხვა პროდუქტი: სთეიქინგი - ანაბრის მსგავსი პროდუქტი, ვაჭრობის პროდუქტები და ა.შ. მაგრამ ეს ხალხი ვერ აკრძალავს დეცენტრალიზებულ ბირჟებს - იქ შემიძლია სესხი ავიღო, ანაბარი დავდო, ვივაჭრო კიდეც და ნებისმიერ ადამიანს გავუცვალო კრიპტო ქეშში, იმიტომ, რომ VISA მაძლევს ამის საშუალებას,“ - აღნიშნა კუჭავამ.
ავთანდილ კუჭავამ ბოლო დროს კრიპტოვალუტების საშუალების, ფულის გათეთრების ფაქტების შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მსგავსი მონაცემები დადასტურებულად არ არსებობს.
„არსებობს თუ არა მტკიცებულება, რომ კრიპტოვალუტაში ფული გათეთრდა და თუ გათეთრდა, რა წილი აქვს ამას ეკონომიკაში, მსგავსი მონაცემები არ არსებობს. ამას ვერ ამტკიცებს მთავრობა და ვერც ვერასოდეს დაამტკიცებს,“ - აღნიშნა მან.