საქართველოს ეროვნული ბანკი პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ არსებული გაურკვევლობა მოკლევადიან პერიოდში აღმოიფხვრება, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობა შენარჩუნდა, 2025 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება. ეკონომიკური ზრდა კი მის გრძელვადიან ტრენდს, 5%-ს დაუბრუნდება.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში გაურკვევლობა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
„საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება. 2024 წლის დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1.9%-ით გაიზარდა. ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების ფასები, რომელთა ცვლილება შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, დაბალი ტემპით იზრდება - წლიურმა ცვლილებამ დეკემბერში 2.2% პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა ძლიერი იყო და იანვარ-ნოემბერში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ შეიტანა, რამაც ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. საგარეო ფაქტორებიდან, წინა წელთან შედარებით შემცირებული საწვავის ფასები ინფლაციას ამცირებს. თუმცა, მეორე მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულის მზარდი ფასები ადგილობრივ ბაზარს გარკვეულწილად გადმოეცა და წინა თვესთან შედარებით ინფლაცია მცირედით გაზარდა.
მიუხედავად ამ ტენდენციებისა, შიდა და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე, გაურკვევლობა გაიზარდა, რაც სენტიმენტებზე ახდენს გავლენას. იმ შემთხვევაში, თუ არსებული გაურკვევლობა მოკლევადიან პერიოდში აღმოიფხვრება, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობა შენარჩუნდა, 2025 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება. ეკონომიკური ზრდა კი მის გრძელვადიან ტრენდს, 5%-ს დაუბრუნდება. მოვლენების მსგავსი, შესაძლო განვითარება ასახულია სებ-ის ცენტრალურ სცენარში და მეტწილად თანხვედრაშია ფინანსური ბაზრის ამჟამინდელ მოლოდინთან,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესრელიზში.