საქართველოში ირლანდიური ტანსაცმლის საცალო ქსელის Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით, Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხიდურელმა starbucks-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, Starbucks-ით არ შემოვიფარგლებით. კომპანიასთან საუბარი გვაქვს სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიც არის, მაგალითად, Primark-ი. ეს დაახლოებით 30 მილიარდის ღირებულების კომპანიაა და ასეთი დიდი კომპანიის დაინტერესება საქართველოთი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ხიდურელმა.
Primark-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მოდის საცალო ქსელია. კომპანია 19 ქვეყანაში ოპერირებს და 490-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.
ამასთან, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, სააგენტოს საინვესტიციო პრიორიტეტები უცვლელი რჩება. ძირითადი მიმართულებები ენერგეტიკა, ლოგისტიკა, უძრავი ქონება, სტუმარმასპინძლობა და ბიზნესპროცესების აუთსორსინგია (BPO), სადაც ინვესტორების ინტერესი ყველაზე მაღალია.
მისივე თქმით, სააგენტო პარალელურად ახალ მიმართულებებზეც მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებია, რომელთა განვითარების შესაძლებლობები უკვე განხილვის პროცესშია.
ცნობისთვის, საქართველოში "სტარბაქსის" მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნა, რომელიც „სტარბაქს"-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში. Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
bp.ge