მთავრობის საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანიის“ აუდიტირებული ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო სუბსიდიით წარმოებული ღვინო-მასალისა და საკონიაკე სპირტის მარაგების ღირებულება 220.7 მილიონი ლარიდან 52.2 მილიონ ლარამდე შემცირდა. ჩამოფასებამ 168.5 მილიონი ლარი (76%) შეადგინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარაგები საჯარო აუქციონებზე საწყის ფასად პრაქტიკულად არ იყიდება, რის გამოც მათი რეალიზაციისთვის ფასის არაერთხელ შემცირება ხდება.
„მოსავლის მართვის კომპანიამ“ 2025 წელს რეკორდული 145.7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რისთვისაც სახელმწიფოსგან 240 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო. ამ ყურძნისგან კომპანიამ 100.6 მილიონი ლიტრი ღვინო-მასალა და 10 მილიონი ლიტრი საკონიაკე სპირტი აწარმოა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას ასევე 121.9 მილიონი ლარის საბანკო ვალდებულება აქვს.